9 აპრილს დაკავებული შოთა ოდიშვილი 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვეს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საბაბით
სამოქალაქო აქტივისტი, შოთა ოდიშვილი, რომელმაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი შეურაცხმყოფელად მოიხსენია, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლ ზვიად ცეკვავამ 10-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.
დაკავება→დროებითი დაკავება, გადაყვანა ან გადაადგილების იძულებითი შეზღუდვა
9 აპრილს პოლიციამ დააკავა აქტივისტი შაკო ბაღდოშვილი, რომელიც თავად იყო თავდასხმის მსხვერპლი
9 აპრილის მემორიალთან მომხდარი შეხლა-შემოხლისას დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი შაკო ბაღდოშვილი, რომელმაც თავად მიიღო ფიზიკური დაზიანებები, პოლიციის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში დააყოვნეს, ბოლოს კი გაათავისუფლეს და განაცხადეს, რომ ის მოწმის სახით იკითხებოდა.
სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედას ელენე ახობაძეს ანგარიშები დაუყადაღეს
სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედას, ელენე ახობაძეს, ანგარიშები დაუყადაღეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ელენე ახობაძემ გაავრცელა.
“გუშინ, ხარების დღესასწაულზე, აღდგომის კვირეულში, ამ „მორწმუნე“ ხელისუფლებამ სრულიად გაუფრთხილებლად დამადო ყადაღა არარსებულ ჯარიმაზე. არც შეტყობინება და არც ჯარიმა არ მომსვლია”, - დაწერა მან.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევა / სამართლებრივი პრაქტიკა→სიტყვიერი შენიშვნა
დაკავება→ადმინისტრაციული სამართლის დაკავება
თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტროტუარზე პროტესტის გამო, კიდევ სამი აქტივისტი სცნო სამართალდამრღვევად
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ, 3 აპრილს, ტროტუარზე პროტესტის გამო,სამი სამოქალაქო აქტივისტი სცნო სამართალდამრღვევად. მათგან ერთს, აფხაზეთის ომის მონაწილე ზოსიმე ბჟალავას ორდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ორს - ნანიკო ბედინეიშვილს და ვიკა ძანძავას კი სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
სამოქალაქო აქტივისტი, ვახტანგ რამიშვილი ტროტუარზე პროტესტის გამო სამართალდამრღვევად სცნეს
სამოქალაქო აქტივისტი, ვახტანგ რამიშვილი, ტროტუარზე პროტესტის გამო სამართალდამრღვევად სცნეს და 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახტანგ რამიშვილს ტროტუარზე გამვლელთათვის დაბრკოლების შექმნას ედავებოდა.
სამოქალაქო აქტივისტები თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 2025 წლის აგვისტოში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძემ 1 აპრილს გამოაცხადა. სასჯელის მოხდის ვადა დაკავების დღიდან აითვლება.
ფინანსური სანქციები→ჯარიმების, სანქციების ან ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენება ეკონომიკური ზეწოლის მიზნით
სამოქალაქო აქტივისტის გიორგი ელიაშვილის საქმეში სასამართლომ გზის გადაკეტვა არ დაადგინა, თუმცა დაუმორჩილებლობისთვის 2000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ელიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის და მას 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
სამოქალაქო აქტივისტის მიმართ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წინასწარი ინფორმირების გარეშე ყადაღა გამოიყენა
სამოქალაქო აქტივისტი ანა ინგოროყვა სოციალურ ქსელში წერს, რომ აქტივისტ დათა ჩაჩუას მიმართ დაიწყო აღსრულების პროცედურები და მას ყადაღა დაედო ისე, რომ ჯარიმის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ მიუღია. მისივე ინფორმაციით, დეტალების დაზუსტების მიზნით განხორციელებული კომუნიკაციისას განემარტა, რომ დათა ჩაჩუა 2025 წლის მარტში ადმინისტრაციულად იყო დაჯარიმებული გზის გადაკეტვის საფუძვლით. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა შეადგენს 5,350 ლარს.