სამოქალაქო აქტივისტს, თათია მექვაბიშვილს, ტროტუარზე პროტესტის გამო 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
გადაწყვეტილების შემდეგ, აქტივისტი რუსთაველზე, პარლამენტის წინ დააკავეს. რუსთაველის გამზირზე მისულმა თათია მექვაბიშვილმა თავად დარეკა 112-ში და შეატყობინა, რომ მის დასაკავებლად ეკიპაჟი გაეგზავნათ.
ტროტუარზე პროტესტის გამო, მოქალაქეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ”, 2025 წლის 12 დეკემბერს, თავისუფლების შემზღუდველი მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებამიიღო. ცვლილებები დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილეს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, პროტესტი ტროტუარზეც აიკრძალა. პირველ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებით შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება.