2025 წლის 19 მაისს, “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემები “პუბლიკა” და “On.ge” პროპაგანდისტულ მედიებად მოიხსენია და კოორდინირებულ ქმედებასა და ფაქტის მიჩქმალვაში დაადანაშაულა.
შალვა პაპუაშვილის თავდასხმა მოჰყვა გამოცემების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ მარიამ ლაშხის, მისამართით აქტივისტები საჯარო სივრცეში ამბობდნენ – “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟმს, არა რუსეთის მონებს”, ლაშხმა კი აქტივისტებს სასამართლოში უჩივლა.
“მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მსგავსად, ბრიუსელმაც უარი თქვას პროპაგანდისტული მედიების დაფინანსების მავნე პრაქტიკაზე”, ნათქვამია პაპუაშვილის პოსტში.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის შალვა პაპუაშვილის მხრიდან დამოუკიდებელი გამოცემების დისკრედიტაციის პირველი შემთხვევა. 2025 წლის 1 თებერვალს, მან ასევე “პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მოწოდების რეკლამირებაში დაადანაშაულა მხოლოდ იმის გამო, რომ გამოცემას დაგეგმილი აქციის შესახებ ჰქონდა გავრცელებული პოსტერი. უფრო ადრე, 2024 წლის 20 თებერვალს მან “მთის ამბების” რედაქტორი, გელა მთივლიშვილი, დაადანაშაულა დეზინფორმაციის გავრცელებაში და საჯაროდ მოითხოვა განმარტება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან, თუ რატომ მოხვდა მთივლიშვილის საგამოძიებო სტატია ჟურნალისტური კონკურსის – “ევროკავშირის პრიზის”, ფინალისტებში.