2025 წლის 12 ივნისს, ერთპარტიულმა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილებები შევიდა, მათ შორის მაუწყებელთა შესახებ კანონში და კომუნიკაციების კომისიას მიენიჭა უფლებამოსილება მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ბანკებისგან სასამართლოს გზით გამოითხოვოს. აღნიშნულის შესახებ, ახალი თავი დაემატა „ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს“.
მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, “მარეგულირებლისთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების აუცილებლობა საერთოდ არ არსებობს. მეტიც, დამატებითი უფლებები სცილდება ზოგადად უწყების მანდატს. კომისიისთვის საბანკო კონფიდენციალურობის დარღვევის შესაძლებლობის მინიჭება მედიაზე ფინანსური ზეწოლისა და შანტაჟის ახალი იარაღია”.
თავდაპირველად, კანონში “მაუწყებლობის შესახებ” ცვლილებები “ქართული ოცნების” პარლამენტმა 2025 წლის 1 აპრილს მიიღო.
ცვლილების თანახმად სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება, მნიშვნელოვნად გაიზარდა მარეგულირებელი ორგანოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოილება, კერძოდ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობა რეგულირების სფეროში მოექცა.
- კანონში შესული ცვლილებების თანახმად იკრძალება ე.წ. “უცხოური ძალისგან” მაუწყებლის მიერ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება და უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, გარდა რეკლამისა ან პროდუქტის განთავსებისა.
- ცვლილების თანახმად მაუწყებლებს ეკრძალებათ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
კანონის თანახმად, უცხოურ ძალად განიხილება: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული ერთეული ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.
- ცვლილებით შემოდის ასევე დეტალური რეგულაციები, ტელე და რადიო მაუწყებლობის სტანდარტებთან დაკავშირებით, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტის და პასუხის უფლების შესახებ. აგრეთვე ემატება რეგულაციები ფაქტის სამართლიანობის და მიუკერძოებლობის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვების და გადაცემის, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქების და არასრულწლოვან პირთა დაცვის ცალკეული საკითხების შესახებ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აცხადებს, რომ აღნიშნული კანონები საფრთხეს უქმნის კრიტიკულად განწყობილი დამოუკიდებელი მედიის არსებობას.
ამ კანონებთან ერთად საქართველოში 2024 წლიდან მოქმედებს კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, იგივე “რუსული კანონი”, რომელიც გასულ წელს “ქართულმა ოცნებამ” ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობის და საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად მიიღო და რომელიც მიზნად ისახავს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების “უცხოური ძალის” ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლების 20% უცხოური ორგანიზაციებიდან არის მიღებული.