კრიტიკული მედიის წინააღმდეგ დისკრედიტაციული გზავნილები კვლავ ვრცელდება როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე პროსამთავრობო მედიასაშუალებების მხრიდან.
ინფრასტრუქტურის მინისტრი ხადის ხეობაში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ადგილზე, პროსამთავრობო ტელევიზიებთან ერთად იმყოფებოდა. ვიზიტი მოჰყვა „მთის ამბების“ ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელიც პროექტის მშენებლობისას გამოვლენილ მძიმე დარღვევებს ეხებოდა. „მთის ამბების“ განმარტებით, სამინისტრომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მედიას მხოლოდ წინა საღამოს მიაწოდა, რის გამოც გამოცემამ ადგილზე მისვლა ვერ შეძლო. ამის მიუხედავად, მინისტრის განცხადებები ისე წარმოჩნდა, თითქოს კრიტიკული მედია პროექტით არ ინტერესდება და მას უსაფუძვლოდ აკრიტიკებს.
პარალელურად, პროსამთავრობო რადიო „აი უცნობმა“ გაავრცელა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეო, რომელშიც კრიტიკული მედიების ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრისთვის შეკითხვების დასმას ცდილობენ, ხოლო პრემიერი ამ დროს პიანინოზე უკრავს. ვიდეოს თან ერთვის ტექსტი: „პრემიერ-მინისტრი და ჟჟჟურრნალისტები – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.
ორივე ეპიზოდი კრიტიკული მედიის მიმართ დისკრედიტაციული რიტორიკის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს. მსგავსი გზავნილები ამცირებს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ლეგიტიმურობას, მათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე დასმულ შეკითხვებს უსაფუძვლო კრიტიკად ან ხელის შეშლად წარმოაჩენს და ხელს უწყობს კრიტიკული მედიის მიმართ მტრული გარემოს გაძლიერებას. საქართველოში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის დისკრედიტაცია ხელისუფლების და მათთან აფილირებული აქტორების მხრიდან ტენდენციური ხასიათისაა.
18 ივლისს „აჭარა თაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის გამო ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ერთ საათზე მეტია ჩაკეტილია“. სტატიის გამოქვეყნებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია გამოცემის დამფუძნებლის, სულხან მესხიძის წინააღმდეგ.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიურად ავრცელებდნენ პოსტებს ჟურნალისტის დისკრედიტაციის მიზნით.
„ცრუპენტელა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელ სულხან მესხიძეს არ ეპატიჟებიან ხალხმრავალ ქორწილებში, როდესაც ხდება ავტომოძრაობის შეფერხება; მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო“, დაწერა მათ შორის “ქართული ოცნების” მხარდამ ჭერმა გია აბაშიძემ ფეისბუკზე.
სულხან მესხიძის საწინააღმდეგო პოსტები გამოაქვეყნა „ოცნების“ მხარდამჭერმა, ნინო ფოჩხუამ. ეს განცხადებები მოგვიანებით უცვლელად გაავრცელა, მათ შორის, „POSTV ანალიტიკამ“.
POSTV-იმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ასევე “ქართლი ოცნების” მხარდამჭერების ნიკოლოზ მეტრეველისა და დავით ჩიხელაძის პირად გვერდებზე გაზიარებული დეზინფორმაცია სულხან მესხიძის წინააღმდეგ.
პარტია “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული Facebook-ის გვერდი სახელწოდებით “მედია”, დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს. 1-ელ აპრილს გვერდზე გამოქვეყნდა პოსტერი, რომელზეც გამოსახული არიან “TV პირველის”, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები, ტექსტად კი პოსტერს აწერია – “გილოცავთ პროფესიულ დღეს 1 აპრილს”. (1 აპრილი, ქართულ საზოგადოებაში – ტყუილთან არის ასოცირებული, სიცრუის დღედ ითვლება).
გვერდი “მედია” შექმნილია 2024 წლის 25 დეკემბერს. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო “ბოროტმოქმედია”, 2025 წლის 9 სექტემბრიდან კი სახელწოდება შეცვლილია, როგორც “მედია”. გვერდი უმეტესწილად დაკავებულია დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ოპოზიციისა და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების დისკრედიტაციით. ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “მითების დეტექტორის” ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული და ის კოორდინირებულად მოქმედებს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებთან (POSTV, იმედი).