დეზინფორმაციული კამპანია სულხან მესხიძის წინააღმდეგ

18 ივლისს „აჭარა თაიმსმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის გამო ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ერთ საათზე მეტია ჩაკეტილია“. სტატიის გამოქვეყნებას მოჰყვა დეზინფორმაციული კამპანია გამოცემის დამფუძნებლის, სულხან მესხიძის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქტიურად ავრცელებდნენ პოსტებს ჟურნალისტის დისკრედიტაციის მიზნით.

„ცრუპენტელა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელ სულხან მესხიძეს არ ეპატიჟებიან ხალხმრავალ ქორწილებში, როდესაც ხდება ავტომოძრაობის შეფერხება; მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო“,  დაწერა მათ შორის “ქართული ოცნების” მხარდამ ჭერმა გია აბაშიძემ ფეისბუკზე.

სულხან მესხიძის საწინააღმდეგო პოსტები გამოაქვეყნა „ოცნების“ მხარდამჭერმა, ნინო ფოჩხუამ. ეს განცხადებები მოგვიანებით უცვლელად გაავრცელა, მათ შორის, „POSTV ანალიტიკამ“.

POSTV-იმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ასევე “ქართლი ოცნების” მხარდამჭერების ნიკოლოზ მეტრეველისა და დავით ჩიხელაძის პირად გვერდებზე გაზიარებული დეზინფორმაცია სულხან მესხიძის წინააღმდეგ.

“ქართულ ოცნებასთან” აფილირებული Facebook-ის გვერდი დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს

პარტია “ქართულ ოცნებასთან” აფილირებული Facebook-ის გვერდი სახელწოდებით “მედია”,  დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს. 1-ელ აპრილს გვერდზე გამოქვეყნდა პოსტერი, რომელზეც გამოსახული არიან “TV პირველის”, “მთავარი არხისა” და “ფორმულას” ჟურნალისტები, ტექსტად კი პოსტერს აწერია – “გილოცავთ პროფესიულ დღეს 1 აპრილს”. (1 აპრილი, ქართულ საზოგადოებაში – ტყუილთან არის ასოცირებული, სიცრუის დღედ ითვლება).

გვერდი “მედია” შექმნილია 2024 წლის 25 დეკემბერს. თავდაპირველად მისი სახელწოდება იყო “ბოროტმოქმედია”, 2025 წლის 9 სექტემბრიდან კი სახელწოდება შეცვლილია, როგორც “მედია”. გვერდი უმეტესწილად დაკავებულია დამოუკიდებელი ჟურნალისტების, ოპოზიციისა და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების დისკრედიტაციით. ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “მითების დეტექტორის” ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი “ქართულ ოცნებასთან” არის დაკავშირებული და ის კოორდინირებულად მოქმედებს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებთან (POSTV, იმედი).