2024 წლის 16 ოქტომბერს, გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” დამფუძნებელს ლაურა გოგოლაძესა და ჟურნალისტს ნინო კაპანაძეს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უფლება არ მისცა დასწრებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო შეხვედრას.
“წაბრძანდით, ნაციონალების შეხვედრაზე დადექით. ვინ ხართ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი მიყიდული, გაყიდული…,“ – ასე მიმართა მერმა ჟურნალისტებს და „სხვადასხვა პარტიების მიერ ნაყიდი და დაქირავებული“ და „პროვოკატორობით ცნობილი“ უწოდა.
გამოცემა “ბათუმელებთან” ლაურა გოგოლაძე ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საჯარო პირები მათ მუშაობაში ხელს უშლიან.
ორგანიზაცია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა უხეშობა და უდიერი დამოკიდებულება ადგილობრივი ჟურნალისტების მიმართ სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა:“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლთა მსგავსად, ძალას არ იშურებენ ჟურნალისტების უარყოფით ჭრილში წარმოსაჩენად და მოსახლეობაში მედიის, როგორც ინსტიტუციის, მიმართ ნდობის შესარყევად”, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
2024 წლის 10 ოქტომბერს, ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტს, მანანა ქველიაშვილს, საჯარო მოხელემ „სეპარატისტი“ და „მტერი“ უწოდა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მანანა ქველიაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძეს, ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე შეკითხვა დაუსვა. „ოსებისთვის ბოდიშის მოხდას თუ აპირებთ?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა დავით ბაციკაძეს. ბოდიშის მოხდის შესახებ გახმაურებული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, 14 სექტემბერს გორში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ჟურნალისტს უპასუხა: „აფხაზებსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში და ოსებსაც“. ჟურნალისტმა კვლავ გაუმეორა ბაციკაძეს იგივე შეკითხვა, რის გამოც ის გაღიზიანდა და ჟურნალისტს უთხრა: „მასეთ შეკითხვას რომ სვამთ, ზუსტად სეპარატისტი ხართ. სეპარატისტი და ამ ქვეყნის მტერი“.
2024 წლის 26 ივლისს თბილისის მერმა, კახა კალაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიძეა, “ტელეკომპანია პირველის” წინააღმდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართეს.
ორივე ოფიციალური პირი ტელეკომპანიისგან სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას, თანხის ჩარიცხვას ითხოვს. საუბარია 30 ათას ლარზე.
დავით ფაცაციას სარჩელი საქალაქო სასამართლომ 2023 წლის მაისში ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ტელევიზიას გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასთან ერთად, 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც დააკისრა.
Ხოლო 2022 წელს სასამართლოს სამივე ინსტანციამ გაამტყუნა “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტი, თბილისის მერის, კახა კალაძის, საჩივრის საფუძველზე და ეთერში გასულ ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ასევე 15 000 ლარი დააკისრა.
“ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას”, – წერს ნოდარ მელაძე 26 ივლისს სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში.