ხელვაჩაურში „აჭარა თაიმსისა“ და „ბათუმელების“ ჟურნალისტებს საქმიანობაში ხელი შეუშალეს

7 მაისს, ხელვაჩაურში „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს სულხან მესხიძეს და „ბათუმელების“ ჟურნალისტს ლელა დუმბაძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, სავარაუდოდ, საჯარო მოხელეებმა. მათ ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტების თქმით, ადგილი ჰქონდა მუქარას და ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობას.

ჟურნალისტები სინდისის პატიმრების მშობლების მოსახლეობასთან შეხვედრას აშუქებდნენ.

“ბათუმელების” ინფორმაციით, აგრესიულ პირთა შორის იყო ხელვაჩაურის მერიის სანდასუფთავების და კომუნალური სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯუმბერ (გენადი) დიასამიძე, რომელიც ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის ბიძაშვილია.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტების სულხან მესხიძისა და ლელა დუმბაძისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ავრცელებს.

თბილისის საკრებულოს წევრი დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას ცდილობს 

თბილისის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” კონსტანტინე ზარნაძე დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს “ფსიქოლოგიურ ტერორში, არეულობისა და შიშის დათესვაში” ადანაშაულებს.  

შეუძლებელია თვალი დახუჭო იმ ფსიქოლოგიურ ტერორზე, რომელსაც ოპოზიციური მედიასაშუალებები ყოველდღიურად ახორციელებენ….ეს აღარ არის ჟურნალისტიკა, ეს არის ადამიანების ფსიქიკით მანიპულირება. მათი მიზანი – მუდმივი დაძაბულობის განცდა, საზოგადოებაში არეულობისა და შიშის დათესვა, მომავლის მიმართ სრული უიმედობის გაჩენა” – საკრებულოს წევრი, ასე კრიტიკული მედიასაშუალებების მიერ, სასურსათო ფასების შესახებ გაკეთებულ სიუჟეტებს გამოეხმაურა. 

“ქართული ოცნების” წარმომადგენლები სისტემატურად ეწევიან დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების საჯარო დისკრედიტაციას, საზოგადოების თვალში მათი დისკრედიტაციის მიზნით.

სახელმწიფო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი “TV პირველის” ჟურნალისტს კიდევ ერთელ დაემუქრა

2025 წლის 2 ნოემბერს სახელმწიფო კორპორაცია “საქრუსენეგოს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი,   თეა გაბადაძე “TV პირველის” საავტორო გადაცემის წამყვანს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას, სოციალურ ქსელში ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა. გაბადაძის მუქარა მოჰყვა ვიკა ბუკიას მიერ სოციალურ ქსელში სარკასტული მინაწერით გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელზეც “ქართული ოცნების” წევრები და მათი მხარდამჭერები არიან, მათ შორის, გადაბაძე. “თითებს დაგაჭრი სეკატორით” – დაუწერა გადაბაძემ ჟურნალისტს და შემდეგაც, კომენტარებში, არაერთხელ გაიმეორა ჟურნალისტის მისამართით ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გადაბაძე საჯაროდ ემუქრება ჟურნალისტს. 2025 წლის 7 ივნისს, მისი მუქარის ადრესატები გახდნენ ასევე “TV პირველის” ჟურნალისტები, ნოდარ მელაძე და თეა დოლენჯაშვილი. მაშინ მისი მუქარა  ჟურნალისტების მიერ მომზადებულ სიუჟეტს მოჰყვა – “ნოდარ მელაძე, თავს მოგაგლეჯ (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და დაგაყოლებ თამთა დოლენჯაშვილს,“ – დაწერა   თეა გადაბაძემ. 

“ქართული ოცნების” წარმომადგენელმა ტელეკომპანიების ფორმულას და პირველის ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

31 ოქტომბერს, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა თბილისის საკრებულოდან – ოთარ ჩრდილელმა, ტელეკომპანია “ფორმულას” და “პირველის” ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ოთარ ჩრდილელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ისინი ფსიქიკურად “ნორმალურ შთაბეჭდილებას” არ ტოვებენ. ჟურნალისტები ჩრდილელს პრო-ევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებზე კითხვას უსვამდნენ. “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, კრიტიკულ ტელევიზიებს ასევე “პროპაგანდისტები” უწოდა.

განათლების მინისტრმა, კრიტიკული შეკითხვის პასუხად, ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა

2025 წლის 17 ივლისს, “ქართული ოცნების”  განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, ჟურნალისტებს “სასაცილოები” და “უსუსურები” უწოდა შეკითხვის პასუხად, რომელიც მის დოქტორის ხარისხს შეეხებოდა.

„ძალიან სასაცილოები ხართ, მართლა ძალიან სასაცილოები ხართ, იმდენად უსუსურები ხართ. რა დიპლომზეა საუბარი? დოქტორანტი კანდიდატი… ეს თქვენ შეგიძლიათ ჩემს ნებისმიერ CV-ში ამოიკითხოთ. ძალიან სასაცილოები ხართ. როგორი უსუსურები ხართ იცით? ‘ – განაცხადა მიქანაძემ.

მინისტრად წარდგენსას “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იგი ამსტერდამის უნივერსიტეტის დოქტორად მოიხსენია. მოგვიანებით გაირკვა, რომ მიქანაძეს ხარისხი დაცული არ აქვს. ჟურნალისტები სწორედ ამის გადამოწმებას ცდილობდნენ.

სახელმწიფო კომპანია “საქრუსენეგროს” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი  “TV პირველის” ჟურნალისტებს საჯაროდ ემუქრება

2025 წლის 7 ივნისს, “TV პირველის” ჟურნალისტებს, თამთა დოლენჯაშვილსა და ნოდარ მელაძეს, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის ნათესავი, რომელიც ამავდროულად სახელმწიფო კომპანიაშია დასაქმებული, საჯაროდ დაემუქრა.

„ნოდარ მელაძე, თავს მოგაგლეჯ (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) და დაგაყოლებ თამთა დოლენჯაშვილს,“ — დაწერა სოციალურ ქსელში თეა გადაბაძემ, რომელიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენის, ნოშრევან ნამორაძის, ცოლის დაა.

თამთა დოლენჯაშვილის მიერ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟი, სახელმწიფო კომპანია “საქრუსენერგოში” სავარაუდოდ ნეპოტიზმის ნიშნით მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე დასაქმებულ პირებს ეხებოდა. “TV პირველის” ცნობით, ერთ-ერთი ასეთი პირია თეა გადაბაძე, რომელიც, ჟურნალისტური გამოძიების თანახმად,  “საქრუსენერგოში” სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არის დასაქმებული.

“TOKTV”-ს ჟურნალისტს ახალციხის მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 

2025 წლის 27 თებერვალს ახალციხის მერმა ირაკლი ლაზარიშვილმა “TOKTV”-ს ჟურნალისტს მიშო დარბაიძეს კრიტიკული კითხვების გამო მავნებელი უწოდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები 2024 წელს განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებს განიხილავდნენ. ჟურნალისტის კითხვები პირდაპირი წესით (არასაჯაროდ) განხორციელებულ შესყიდვებს ეხებოდა, რამაც მერის გაღიზიანება გამოიწყია, მან დარბაიძეს “ჭორაობაში” დასდო ბრალი და მისი დისკრედიტაცია სცადა.

ინციდენტს მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა.

“აჭარა თაიმსის” და “ბათუმელების” ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს

2025 წლის 15 თებერვალს, ქალაქ ბათუმში ახალი უბნის, “ოცნების ქალაქის” სამშენებლო ტერიტორიაზე ტრაგედია მოხდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ წლით სავსე თხრილში ჩავარდნილი ორი მცირეწლოვანი ბავშვი იპოვა, რომლებსაც რამდენიმე საათი ეძებდნენ. არასრულწლოვანთა გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

ტრაგედიის ადგილზე მოსახლეობამ მოიყარა თავი და სამშენებლო ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით კითხვებს, მათ შორის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ფინანსთა მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს, უსვამდა. მიმდინარე მოვლენებს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ინტერვიუს ჩაწერის დროს, ჯაბა ფუტკარაძემ ჟურნალისტებს ტრაგედიით სპეკულირებაში დასდო ბრალი. შემთხვევის ადგილზე მისული მოსახლეობის ნაწილიც, რომელიც სავარაუდოდ “ქართული ოცნების” მიერ იყო კოორდინირებული, აგრესიულად გამოირჩეოდა “აჭარა თაიმსის” და “ბათუმელების” ჟურნალისტების მიმართ, მათ ალყაში მოაქციეს ფინანსთა მინისტრი და მედიის წარმომადგენლებს მასთან კითხვების დასასმელად მიახლოების შესაძლებლობას არ აძლევდნენ და პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში უკანონოდ უშლიდნენ ხელს.

ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები კახეთის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მედიის წარმომადგენლების მიმართ არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი კახეთის საარჩევნო უბნებზე.

იხილეთ საჯაროდ გავრცელებული ინციდენტების სია კახეთიდან:

  • „TV პირველის“  გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მარიამ მაკასარაშვილს და ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს, თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში, მე-16 საარჩევნო უბანთან თავს დაესხნენ. სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” დაჯგუფების წევრების სამიზნე გადამღები ჯგუფი მას შემდეგ გახდა, რაც ტელეკომპანიის ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლისა და მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები გადაიღო. საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ავტომობილებში სიებით იყვნენ მობილიზებული და თანხებს არიგებდნენ. თავდასხმის შედეგად ნაცემია ოპერატორი, ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა კი სრულად დამტვრეულია. აპარატურის დაზიანებამდე ჟურნალისტმა გარკვეული მასალის გადმოგზავნა მოასწრო“, – წერს ტელეარხი;

  • მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს – ია გულიაშვილსა და ლევან დვალს კახეთში  თავს დაესხა  სავარაუდოდ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირი და კადრების გადაღების საშუალება არ მისცა. ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, ვინ გაუმასპინძლდა უბანზე მისულ ამომრჩევლებს. მოგვიანებით, იგივე პირმა “მთავარი არხის” კამერის გატაცება სცადა;

  • ტელეკომპანია ფორმულას” ჟურნალისტებს დავით ჭაბაშვილს და აგილ რუსტამოვს ლაგოდეხის სოფელა ჭიაურში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გადაღებაში ხელი შეუშალეს. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ „ლაგოდეხის ტელევიზიის“ ჟურნალისტს, ნიკა ბურჭულაძესაც;

  • “მთავარი არხის” ჟურნალისტს, თენგო გოგოტიშვილს და ოპერატორ, იაგო გოგილაშვილს სოფელ ბოდბეში, სიღნაღიის მერიის წარმომადგენელი, ბაჩუკი კოჭლამაზიშვილი მუშაობაში ხელს უშლიდა,მან კამერას ხელი ააფარა და ცდილობდა, ოპერატორისთვის გადაღების საშუალება არ მიეცა. გადამღებ ჯგუფს საქმიანობაში ხელი სოფელ მაღაროშიც შეუშალეს.

ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლის შემთხვევები შიდა ქართლის საარჩევნო უბნებზე

2024 წლის 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის, მათზე სიტყვიერი შეურაცხყოფის, მუქარის და საარჩევნო უბნიდან გაძევების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი შიდა ქართლშიც.

საჯაროდ გავრცელებული წყაროების თანახმად:

  • Qartli.ge-ს ჟურნალისტს საბა წიწიკაშვილს სოფელ პატარა გარეჯვარში სოფლის გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც წიწიკაშვილი ჰყვება, ამ სოფელში მან ჩაწერა ადამიანები, რომლებიც ჰყვებოდნენ, რომ საარჩევნო უბანთან რუსულნომრიანი მანქანიდან ფულს არიგებდნენ. ამ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, საარჩევნო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა მას უთხრა, რომ უბნის გარეთ ეძახდნენ. უბნიდან გასულ ჟურნალისტს, ადგილზე სოფლის გამგებელი ზურაბ მურადაშვილი და მისი მეუღლე დახვდნენ. წიწიკაშვილი ამბობს, რომ გამგებელმა მას დაუწყო ყვირილი, თუ რატომ გადაიღო მისი მანქანა, რომელიც რუსულნომრიანი იყო. ჟურნალისტმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც მიჰყვნენ.

  • სოფელ ზემო ხვედურეთის საარჩევნო უბნიდან კი კომისიის თავმჯდომარემ ასევე Qartli.ge-ს ჟურნალისტის, საბა წიწიკაშვილის გაძევება სცადა. „კომისიის თავმჯდომარე მემუქრებოდა, რომ თუ აქეთ-იქით სიარულს არ მოვრჩებოდი, უბნიდან გამაძევებდა. სამჯერ დავარეკინე საოლქო კომისიაში, თუ რის უფლება მქონდა“, – ამბობს ჟურნალისტი.

  •  „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფს გიორგი დვალიშვილსა და ლაშა ჯიოშვილს სოფელ ტიხისქიდში გადაღებაში ხელი შეუშალეს. გადამღებ ჯგუფთან აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა სოფლის ყოფილი გამგებელი, ბესო ბერიანიძე.