“TV პირველი” სასამართლო სხდომას ვერ დაესწრო

2024 წლის 22 ივლისს “TV პირველის” მთავარმა რედაქტორმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტები ვერ ახერხებენ სასამართლო სხდომებზე დასწრებას. მელაძის განცხადებით, სასამართლო სისტემა ხელოვნურ ტექნიკურ ბარიერებს უქმნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, რათა მათ ვერ მოახერხონ სასამართლო სხდომების გადაღება.

ტელეკომპანია პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ სოციალ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ ტელევიზიის განცხადებებს სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით სისტემა არ იღებს და მედიის წარმომადგენლებს სხდომებზე არც მოსამართლე  უშვებს.

მელაძის განცხადებით, ამ დრომდე, განმარტება არ გაკეთებულა და არც ალტერნატიული მექანიზმების შემოთავაზება მომხდარა განაცხადების მიღებასთან დაკავშირებით. 

აღნიშნულ საკითხს, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა.

“მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიას რთულ პირობებში უწევს მუშაობა. სასამართლო სხდომების გაშუქების ხელშეშლა დამატებით პრობლემას უქმნის მედიას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო ხელისუფლების პასუხისმგებლებმა პირებმა დაუყოვნებლივ გამოასწორონ არსებული ხარვეზი, უზრუნველყონ მედიების სხდომებზე დასწრება და განმარტონ პრობლემების გამომწვევი მიზეზები,” – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

პარლამენტში ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტების გარდა, სხვა მედიასაშუალებებს შესვლა აეკრძალათ 

2024 წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში აკრედიტებული ტელემედიის გარდა, სხვა მედიასაშუალებებს შესვლა აეკრძალათ, მიუხედავად აკრედიტაციისა.

“საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში ამოქმედდა  უსაფრთხოების ყვითელი დონე, რომლის ფარგლებშიც ვიზიტორებს ეზღუდებათ შენობაში შესვლა.

დადგენილების მიხედვით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა” – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდეზე გამოქვეყნდა.

ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა დისკრედიტაციის გამო სახალხო დამცველს მიმართეს.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ონლაინ მედიას პარლამენტში შესვლა აეკრძალა

2024 წლის 27 მაისიდან ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში შესვლა, გაურკვეველი ვადით აეკრძალათ. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შენობაში იმოქმედებს  უსაფრთხოების ყვითელი დონე, რის გამოც ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის შენობაში შესვლა.

Საქართველოს პარლამენტში დაგეგმილ კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე. Წ ”რუსული კანონის” შესახებ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო განიხილება, ხოლო, 28 მაისს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ონლაინ მედია “ტაბულა” წერს, ასევე სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა. განცხადება გამოაქვეყნა მედიის ადვოკატირების კოალიციამაც.

მედიის ნაწილს შეეზღუდა საქართველოს პარლამენტში მუშაობა

2024 წლის 13 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადა,  და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეუზღუდა არააკრედიტებულ მედიას. პარლამენტში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, თუმცა, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.

განცხადებაში არ იყო მითითებული, როდემდე იმოქმედებდა შეზღუდვა. მოტივად კი დასახელებული იყო “საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”.

აღნიშნული შეზღუდვა დაწესდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს პარლამენტი განიხილავდა ე.წ “რუსულ კანონს”.

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, ეს არ არის საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების მუშაობისთვის ხელშეშლის პირველი შემთხვევა. 

ორგანიზაციის განცხადებით, ონლაინ მედიასაშუალებები პარლამენტში არ შეუშვეს არც 19 აპრილს და 29 აპრილს, როდესაც რუსული კანონის განსახილველად იურიდიული კომიტეტის სხდომა იყო ჩანიშნული”.

რადიო NOR-ის ჟურნალისტს მეორედ შეუქმნეს პრობლემები მერიის შენობაში შესვლისას

2024 წლის 18 აპრილს, ნინოწმინდის სათემო რადიო “NOR-ის” ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეუშვეს ქალაქ ნინოწმინდის მერიის შენობაში. ჟურნალისტს ჰქონდა კითხვები ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან. მერიის დაცვამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რადიო “NOR- ის” ჟურნალისტები ნინოწმინდის მერიის შენობაში არ  შეუშვეს. დღის ბოლომდე ვერ შევიდნენ შენობაში ჟურნალისტები 11 აპრილსაც.

მომხდარს გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“. ორგანიზაციამ ნინოწმინდის მერიას მოუწოდა არ შეუზღუდოს ჟურნალისტებს წვდომა საჯარო ინფორმაციაზე.

არააკრედიტებულ მედიას პარლამენტში მუშაობა შეეზღუდა

2024 წლის 14 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” აამოქმედა.

პარლამენტში აღნიშნული მექანიზმი ამოქმედდა „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად.
ამ მექანიზმით, 15 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეეზღუდა არააკრედიტებულ მედიას.  

აღნიშნული შეზღუდვა დაწესდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს პარლამენტი განიხილავდა კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელსაც საქართველოში უწოდებენ აგენტების შესახებ კანონს.

ეს არ იყო მსგავსი შეზღუდვის პირველი შემთხვევა. როგორც “მედიის ადვოკატირების კოალიცია” წერს, “ყვითელი დონის გამოყენება უკვე დადგენილ პრაქტიკად არის მიჩნეული მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში განიხილება ქვეყნისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები”.

ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა მათ არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება დისკრიმინაციად შეაფასეს და 17 აპრილს სახალხო დამცველს მიმართეს. საქართველოს სახალხო დამცველი მომხდარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და გააშუქოს დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან, როგორც მას მიაჩნია სწორად”.

ეს შეზღუდვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული პრაქტიკა. 

რადიო NOR-ის ჟურნალისტს რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვებდნენ ნინოწმინდის მერიის შენობაში

2024 წლის 11 აპრილს, ნინოწმინდის ადგილობრივი სათემო რადიო “NOR”-ის ჟურნალისტი რამდენიმე საათის განმავლობაში მერიის შენობაში არ შეუშვეს. იმ დროს მერიაში სისხლის ჩაბარების აქცია მიმდინარეობდა და ჟურნალისტს ამ ამბის გაშუქება სურდა.

მერიის დაცვამ ჟურნალისტს განუცხადა, რომ მას სპეციალური ნებართვა სჭირდებოდა.პრობლემა მხოლოდ მას  შემდეგ მოგვარდა, როდესაც ადგილზე მისულმა ჟურნალისტმა ე.წ. Live მაუწყებლობა დაიწყო სოციალურ ქსელში და შეზღუდვაზე საჯაროდ ისაუბრა. 

ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში მუშაობა შეეზღუდათ

2024 წლის 8 აპრილს, როდესაც საქართველოს პარლამენტი ბიუროზე განიხილავდა ე.წ რუსულ კანონს, Საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტები არ შეუშვეს. მათ შორის, არ შეუშვეს ისინიც, ვისაც მუდმივმოქმედი აკრედიტაცია აქვთ.

ამავე დღეს, პარლამენტმა არ დაუშვა საშვი მედიაკრიტიკის პლატფორმა „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტზე, ნინია კაკაბაძეზე, რითაც მას შეეზღუდა პარლამენტში შესვლისა და მუშაობის უფლება. ოფიციალური უარის მიზეზად დასახელდა ის, რომ პარლამენტში საშვებს მხოლოდ იმ ჟურნალისტებისთვის უშვებენ, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ. 

“მედიაჩეკერის” მიხედვით, მათ საშვები კიდევ რამდენიმე ჟურნალისტისთვის მოითხოვეს, თუმცა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

აღნიშულ ფაქტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენი”  და პარლამენტს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა