26 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ ამოქმედდა, რომელიც ონლაინმედიას პარლამენტში მუშაობას სრულად უზღუდავს. შეზღუდვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება.
პარლამენტში „ყვითელი დონის“ მოქმედების დროს შენობაში მხოლოდ ტელემაუწყებლების ჟურნალისტები (თითოეული მაუწყებლიდან არაუმეტეს სამი ჯგუფისა) და მოწვეული სტუმრები დაიშვებიან.
მედიის სადაო შემზღუდავი წესები საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 4 სექტემბრის N1/259/23 ბრძანებით დაამტკიცა
2025 წლის 27 ივნისს საქართველოს პარლამენტში “ქართული ოცნების” პრეიმიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ყოველწლიური მოხსენების მოსმენა გაიმართა, ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოში უსაფრთხოების ყვითელი დონე აამოქმედეს.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 ივნისს, პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა” – წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უსაფრთხოების ყვითელი დონის გამოცხადება ზღუდავს და ხელოვნულ ბარიერს უწესებს მედიის მუშაობას, განსაკუთრებით ონლაინ მედიების და ეს, პირველი შემთხვევა არ არის, როცა მსგავსი შეზღუდვა წესდება საქართველოს პარლამნეტში, თუ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.
2025 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს “TV პირველის” და “პუბლიკის ჟურნალისტებს.
“პუბლიკის” ჟურნლისტს ნათია ამირანაშვილს, ნიკა კაციას საქმეზე გამოკითხვაზე მოწმის სახით დაბარებული პოლიციელი გიორგი როსოფიძე ფიზიკურად დაუპირისპირდა და კითხვის დასმის შესაძლებლობას არ აძლევდა.
ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიციელი ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილისთვის მიკროფონის წართმევას ცდილობს, პოლიციის ე.წ. თანმხლები პირები კი მას ძალით აჩერებენ და კითხვის დასმის საშუალებას არ აძლევენ. “TV პირველის” ჟურნალისტმა, ნანუკა ქაჯაიამ, გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ უშლის ხელს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში მას მანდატურის სამსახურის წარმომადგენელი.
2025 წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში, უკვე მესამედ, ჟურნალისტებს ეზღუდებათ ტექნიკით შესვლა და საქმიანობა. სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს ის ჟურნალისტები, რომლებსაც არ ჰქონდათ სასამართლო დარბაზიდან პროცესის გაშუქების წინასწარი ნებართვა, თუმცა ჟურნალისტს ამგვარი წინასწარი ნებართვა არ სჭირდება საქმიანობის სასამართლოს დარბაზს გარეთ განსახორციელებლად.
სასამართლოში დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლიდერის – ნიკა მელიას საქმე იხილებოდა, რომელსაც მართლმსაჯულება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლას ედავება.
ჟურნალისტების განმარტებით, სასამართლო სხდომაზე არ უშვებდნენ იმ კორესპონდენტებს, რომლებსაც ფოტო ან/და ვიდეო აპარატურა ჰქონდათ; ჟურნალისტებს მხოლოდ გადასაღები ტექნიკის გარეშე სხდომაზე დასწრების უფლება მიეცათ.
სასამართლოს პრესსამსახურის ზეპირი განმარტებით, შეზღუდვა უსაფრთხოების ნორმებს უკავშირდება: „უსაფრთხოებიდან გამომდინარე დღეს არის შეზღუდვა. სასამართლოს შენობაში შემოვა მხოლოდ ის მედიასაშუალება, ვინც დაშვებული იქნება უშუალოდ პროცესის გაშუქებაზე. ამაზე მეტს, ვერაფერს ვერ გეტყვით“.
2025 წლის 30 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტის დოკუმენტში ცვლილებები შეიტანა.
ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საჯარო სხდომებზე დასწრება შესაძლებელი ხდება მხოლოდ ონლაინ. დასწრების მსრუველმა პირმა, სამეურვეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის გამოქვეყნების შემდეგ, სხდომამდე, არანაკლებ 2 დღის ადრე უნდა მიმართოს დასწრების მოთხოვნით, ელექტრუნული ფოსტის საშუალებით. ამავე ცვლილებებით, განისაზღვრა დასწრების და სხდომის პროცესში ჩართვის წესები. ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1 ივნისს შედის.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტის, დღემდე მოქმედი რედაქციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საჯარო სხდომებზე დასწრება ფიზიკურად, წინასწარი შეტყობინებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო.
2025 წლის 29 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის ხმაურიანი პროცესის სხდომა იყო ჩანიშნული, რომელიც მოსამართლე ნანა შამათავას გადაწყვეტილებით სასამართლოს მცირე დარბაზში ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ საჯარო ინტერესი მაღალი იყო, მედიის ნაწილმა ვერ შეძლო პროცესზე დასწრება. სხდომას ბრალდებულის ახლობლების და ოჯახის წევრების ნაწილიც ვერ დაესწრო.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი მმართველი პოლიტიკური გუნდის, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის “საპარტნიორო ფონდს” ხელმძღვანელობდა. მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 2023 წელს დაიწყო, ქართული მართლმსაჯულება მას, 500 მილიონის ღირებულების ბიტკოინების მითვისებას ედავება. აღნიშნულ გამოძიებას “ბიტკოინების საქმეს” უწოდებენ.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომას ეხმაურებიან: “სასამართლოს მხრიდან პროცესის ამგვარი ორგანიზება, როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე სხდომა პატარა დარბაზში ატარებს, არღვევს საჯარო განხილვის პრინციპს, რომელიც სამართლიანი სასამართლო განხილვის შემადგენელი ნაწილია. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სასამართლოს ამ საკითხის აღმოფხვრის გონივრული შესაძლებლობა ჰქონდა, სხდომის დაწყების მომენტისთვის თავისუფალია სასამართლოში არსებული ორი ყველზე დიდი დარბაზი (პირველი და მეორე დარბაზები)”.
ონლაინ გამოცემა “პუბლიკას” ინფორმაციით, მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ფოტო ან/და ვიდეო კამერებით არიან აღჭურვილნი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში კვლავ არ უშვებენ. სასამართლო პროცესის დაწყებიდან რამდენიმე საათში, სასამართლოს შენობაში კამერების შეტანა დაუშვეს.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად და არსებული პრაქტიკით, მედიების წარმომადგენლებს, რომლებსაც სხდომის გადაღების მოსამართლის მიერ გაცემული უფლება არ ჰქონდათ, ვიდეოკამერებით სასამართლო შენობის დერეფანში ყოფნა და გადაღება თავისუფლად შეეძლოთ.
შეგახსენებთ, 2025 წლის 22 მაისს პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესის გასაშუქებლად მისულ მედიის წარმომადგენლებს არსებული წესი შეცვლილი დახვდათ და სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციას მედიისთვის არც წინასწარ და არც შემდეგ არ განუმარტავს არსებული წესის ცვლილების მიზეზი.
2025 წლის 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის, სასამართლო პროცესი იმართებოდა. ამ პროცესის მიმართ საჯარო ინტერესი მაღალია, შესაბამისად მედიის ინტერესიც. მიუხედავად ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის გასაშუქებლად მისული კორესპონდენტები, რომლებსაც ფოტო ან ვიდეო კამერა ჰქონდათ, სასამართლოს შენობაში არ შეუშვეს.
ჟურნალისტების განმარტებით, სასამართლოს შენობაში შესვლის წესი დღეს დახვდათ შეცვლილი, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დაცვის თანამშრომლებს ჟურნალისტებისთვის არ განუმარტავთ შენობაში არ შეშვების მიზეზი, მედიის წარმომადგენლები დაცვის სამსახურმა სასამართლოს პრესსამსახურთან გადაამისამართა. პრესსამსახური მედიის ზარებს არ პასუხობდა.
მედიის წარმომადგენლების სასამართლო სხდომებზე და სხვა საჯარო დაწესებულებებში არ შეშვების საკითხი, უკვე ტენდენციურ ხასიათს ატარებს.
2025 წლის 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების ე.წ. “ყვითელი დონე” გამოაცხადდა, რის საფუძველზეც, აკრედიტებული ტელემაუწყებლების გარდა, ყველა სხვა მედიას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა შეეზღუდა. პარლამენტში დაიშვებოდნენ მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, თუმცა, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
აღნიშნული შეზღუდვა ამოქმედდა იმ დღეს, როდესაც, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ყოველწლიური ანგარიში და მომდვენო წლის სტრატეგიული გეგმა უნდა წარედგინა.
შეზღუდვა ამოქმედდა “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად. „უსაფრთხოების ყვითელი დონის” გამოცხადების მიზნად დასახელებული იყო „საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”
შალვა პაპუაშვილის 2023 წლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტში არააკრედიტებულ მედიას არაერთხელ შეუზღუდეს მუშაობის საშუალება.
2025 წლის 7 მაისს, თბილისში, მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ გარდა, არც ერთი მედიის წარმომადგენელი არ დაუშვეს. TV პირველის ინფორმაციით, ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილსა და მის ოპერატორს ეზოში შესვლის პრობლემაც შეუქმნეს.
მარიამ გაფრინდაშვილის თქმით, ჟურნალისტებს მოსამართლეებისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა სასამართლოს ეზოშიც არ ეძლეოდათ, რადგან მოსამართლეთა უმრავლესობა დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა და იყენებდა არა ცენტრალურ შესასვლელს, არამედ შენობაში შედიოდა სარდაფიდან ან სამზარეულოს მხრიდან.
მოსამართლეთა ყრილობა „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართა — სასტუმროში, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ეკუთვნის.