“ფორმულას” ორ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდათ და პარლამენტის შენობაში შესვლა აეკრძალათ

2025 წლის 30 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტებმა ელისო ჯარიაშვილმა და თათა ფორაქიშვილმა საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის ერთი თვით შეჩერების შესახებ შეტყობინებები მიიღეს.

ორივე შემთხვევაში, ჟურნალისტები “ქართული ოცნების” დეპუტატებისგან კრიტიკულ კითხვებზე პასუხების მიღებას ცდილობდნენ, რაც საკანონმდებლო ორგანოს ადმინისტრაციამ “საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის” დარღვევად მიიჩნია. თათა ფორაქაშვილს აკრედიტაცია “ქართული ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის მოთხოვნის საფუძველზე შეუზღუდეს, ელისო ჯარიაშვილს კი, “ქართული ოცნების” დეპუტატის არჩილ გორდულაძის.

“TV პირველის” ჟურნალისტს პარლამენტმა აკრედიტაცია ექვსი თვით შეუჩერა

2025 წლის 24 მარტს “TV პირველის” ჟურნალისტს ნატა ქაჯაიას საქართველოს პარლამენტმა აკრედიტაცია ექვსი თვით შეუჩერა

აკრედიტაციის შეჩერება უკავშირდება პროევროპული აქციების დროს დაკავებული პატიმრების საქმეზე მომზადებულ სიუჟეტს. ნატა ქაჯაიამ გამოკითხა პარლამენტის თანამშრომლები. ინტერვიუზე უარის შემდეგ, ქაჯაია ცდილობდა საჯარო მოხელეებისგან პასუხის მიღებას. 

ოცნების რეაქცია აჩვენებს რომ შაბათს გასული სიუჟეტი მათთვის არ იყო სასიამოვნო, რადგან ჩვენ მაყურებელს მოვუყევით როგორ სიყალბეზეა დაფუძნებული დევნა – სისხლის სამართლის საქმეში, სინდისის პატიმრების საქმეში. მე მივედი ინტერვიუს ასაღებად პარლამენტის თანამშრომელთან, კაცთან ვისი ჩვენებაც დევს სინდისის პატიმრების საქმეში” – ამბობს ნატა ქაჯაია “TV პირველთან” ინტერვიუში.

შემთხვევას გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია” – “რეჟიმი სისტემურად ძალადობას დამოუკიდებელ მედიაზე, ჟურნალისტებს უკანონოდ ეშლებათ ხელი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ადგილი აქვს პერმანენტული თავდასხმის, დაშინების, შეურაცხყოფისა და დეზინფორმაციის ფაქტებს. დღემდე არ დამდგარა პასუხისმგებლობა არც ერთი იმ პირისთვის, ვინც აღნიშნული სისტემური დანაშაულის ბრძანება გასცა თუ აღასრულა”.

საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილება განსაზღვრავს.

“TV პირველის” ჟურნალისტს პარლამენტის აკრედიტაცია შეუჩერდა

2024 წლის 21 მაისს, “TV პირველის” ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს, „ხალხის ძალის” დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის მოთხოვნით, პარლამენტის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდა.

როგორც ტელეკომპანიის გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში ჩანს, ჟურნალისტი დეპუტატს სანქციების თემაზე ესაუბრება. დეპუტატი თავდაპირველად პასუხობს მის კითხვას, თუმცა, შემდეგ საუბარს წყვეტს და ჟურნალისტს, რომელიც ცდილობს ინტერვიუს გაგრძელებას, აკრედიტაციის შეწყვეტით ემუქრება.

საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის დადგენილება განსაზღვრავს.

“აკრედიტაციის განახლებულმა რეგულაციებმა აამოქმედა სადამსჯელო მექანიზმები კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, გააუარესა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა და შესაბამისად, საზოგადოების ინფორმირების ხარისხი”, – ასეა შეფასებული ეს დადგენილება ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ.

მაკა ჩიხლაძისთვის აკრედიტაციის შეწყვეტას გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია”. ორგანიზაცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უარი თქვა დადგენილების  ჟურნალისტებზე შურისძიების ინსტრუმენტად გამოყენებაზე.

სამ ჟურნალისტს საპარლამენტო აკრედიტაცია შეუჩერეს

2024 წლის 3 და 4 ივნისს საქართველოს პარლამენტმა “ტელეკომპანია პირველის”, “მთავარი არხის” და “ფორმულას” ჟურნალისტებს აკრედიტაციები შეუჩერა, რის გამოც ნატა ქაჯაიას, ნინი ბალანჩივაძეს და სოფო გოზალიშვილს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება შეეზღუდათ.

“ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს, ნატა ქაჯაიას აკრედიტაცია ერთი თვით „ხალხის ძალის“ დეპუტატის, სოზარ სუბარის, მიმართვის საფუძველზე 3 ივნისს შეუჩერდა. ჟურნალისტი დეპუტატს ე.წ. “რუსულ კანონთან” დაკავშირებით უსვამდა შეკითხვას.

ამავე დღეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნის საფუძველზე, პარლამენტში მუშაობა ერთი თვით აეკრძალა “მთავარი არხის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს. ჟურნალისტს აინტერესებდა რატომ უჭერენ პარლამენტარები, მათ შორის ნინო წილოსანი, მხარს “რუსულ კანონს”, მაშინ როცა მათი შვილები განათლებას საზღვარგარეთ იღებენ და ხშირად საცხოვრებლადაც აშშ-ში ან ევროპაში მიდიან.

Ნინო წილოსანის მოთხოვნით, 4 ივნისს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სოფო გოზალიშვილსაც.

სამივე ჟურნალისტის აკრედიტაციის შეჩერება პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანების საფუძველზე მოხდა, რომლის მიხედვითაც აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებას გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მათი შეფასებით, პარლამენტი განაგრძობს მისი თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული წესის კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო ინსტრუმენტად გამოყენებას.