ჟურნალისტებს ანგარიშები დაუყადაღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან

15 აპრილს, „TV პირველის“ ინფორმაციით, არხის შაბათის ეთერის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.  სოციალურ ქსელში ონლაინ გამოცემა JamNews-ის საქართველოს რედაქტორი ირაკლი დათუნაშვილიც (სოციალური მედიაში სახელი: ლეო ნაფტა) წერს, რომ მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. მისი ინფორმაციით, დაყადაღების საფუძვლად მითითებულია 15 ოქტომბრის ჯარიმა, რომლის არსებობის შესახებ ამ დრომდე ინფორმირებული არ ყოფილა.

საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, მაკა ჩიხლაძე 2025 წლის 15 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს, რის საფუძველზეც მას „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით 5000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მისი თქმით, ჟურნალისტს აღნიშნული ჯარიმის შესახებ არ შეატყობინეს და მოგვიანებით ანგარიშები დაუყადაღეს.

თავად მაკა ჩიხლაძე აცხადებს, რომ ჯარიმის არსებობის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ანგარიშების დაყადაღების შემდეგ შეიტყო.

 „ამხელა უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, არ გამოინახა რესურსი, რომ ერთი SMS შეტყობინება გამოეგზავნათ ჩემთვის… უბრალოდ რომ შეეტყობინებინათ, რომ დაჯარიმებული ვარ, ამას გავარკვევდი და დავამტკიცებდი, რომ პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. ვიდრე ანგარიშები არ დამიყადაღეს, ამის შესახებ არ ვიცოდი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე შეფასებით, საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს მის ჟურნალისტურ საქმიანობას. „მე მგონია, რომ ეს არის შურისძიება და არ აქვს კავშირი არც შეკრებისა და მანიფესტაციის კანონთან და არც რაიმე დარღვევასთან“, – აღნიშნა მან. ჩიხლაძე ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნულ მოვლენაზე სხვა მედიის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ, თუმცა დაჯარიმება მხოლოდ მას შეეხო.

2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, „TV პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს პირდაპირ ეთერში მუშაობისას უცნობი ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარზე დაწყებული გამოძიება ამ დრომდე არ არის დასრულებული.

ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილს, ანგარიშები დაუყადაღეს

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ლიზა ციციშვილს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ჟურნალისტის ცნობით, აღმოჩნდა, რომ 2025 წლის 10 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, იგი “გზის ხელოვნურად გადაკეტვის” საფუძვლით, 5 000 ლარით იყო დაჯარიმებული.

ჟურნალისტს ჯარიმის შესახებ შეტყობინება მიღებული არ ჰქონდა. მისივე თქმით, სექტმემბრის შემდეგ ის ერთხელ დააკავეს კიდეც, საზღვარიც გადაკვეთა, თუმცა, არცერთ შემთხვევაში მისთვის არ უთქვამთ, რომ დაჯარიმებული იყო. 
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, ჯამში, ჟურნალისტების მიმართ 40-ზე მეტი ჯარიმა გამოიწერა “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”.

ჯარიმა და ყადაღა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის

2025 წლის 30 აგვისტოს დამოუკიდებელი ონლაინ მედიის “მაუწყებელის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედლი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე „გზის გადაკეტვის“ საფუძვლით 5 000 ლარით მეორედ დააჯარიმეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რაც დასტურდება „მაუწყებლის“ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალებით, საგამოძიებო ორგანოებმა აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინეს.

“მაუწყებლის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჟურნალისტს საბანკო ანგარიშებზე ყადაღა დაადო და მის სახელზე გაფორმებული ქონების დაყადაღებით დაემუქრა, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის შესასრულებლად კი 7 დღის ვადა მისცა.

მსგავსი პრაქტიკა ჟურნალისტური საქმიანობის კრიმინალიზებასა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლას წარმოადგენს, ამასთან, ყადაღის გამოყენება, დამატებითი ფინანსური ზეწოლის მექანიზმია და არსებითად ზღუდავს ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელებას.

“მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრ ორგანიზაციებს ანგარიშები დაუყადაღეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც, საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებისბრალდებით.

2025 წლის 27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ამ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დააყადაღა

პროკურატურის მიერ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთში პროსამთავრობო ტელეკომპანია “იმედმა” გამოძიების მხარდაჭერი სიუჟეტი გაავრცელა, კერძოდ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების კომენტარები პროევროპული აქციებიდან. პროკურატურის ბრალდება ორგანიზაციებს ედავება  პრო-ევროპული აქციების მონაწილეებისთვის სპეციალური ეკიპირების (როგორიცაა სპეციალური აირწინაღები, ჩაფხუტები, სახის დასაფარი ნიღბები, პირბადეები, დამცავი სათვალეები) შესაძენად თანხების მობილიზებას. 

50-ზე მეტმა სამოქალაქო და მედია ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა ყადაღადადებულ ორგანიზციებს. 

“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რუსეთის ხელისუფლების მსგავსი, სადამსჯელო ნაბიჯების გადადგმა ადასტურებს, რომ ივანიშვილის მთავრობის ინტერესი, საქართველოში განსხვავებული აზრისა და პროევროპული ჯგუფების სრულად განადგურებაა” – ნათქვამია განცხადებაში. 

პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე 27 აგვისტოს,  შვიდი ორგანიზაციის ანგარიში დააყადაღეს, ესენია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „დემოკრატიის მცველები“, „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივა“ (GDI), „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“. აქედან, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ISFED, IDFI და GDI  “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრები არიან.

გამოცემა „ბათუმელების“ ანგარიშებს შემოსავლების სამსახურმა ინკასო დაადო

2025 წლის 21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურმა გამოცემა “ბათუმელების”  ანგარიშებს ინკასო დაადო. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ – ოფიციალური მიზეზი დავალიანებაა, რეალური – განზრახვა, მედიაორგანიზაცია დაიხუროს.

მედიის ცნობით, უწყებამ მათ 5 დღის ვადა მისცა ვალის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშებს ინკასოს დაადებდნენ, შემდეგ კი ქონებას დააყადაღებდნენ და აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულების პროცესს დაიწყებდა – გაყიდდა ორგანიზაციის ქონებას – საუბარია ოფისსა და რედაქციის ტექნიკურ აღჭურვილობაზე.  

გამოცემის ცნობით, ამ ეტაპზე მათი დავალიანება ბიუჯეტის წინაშე, ძირი თანხა, 47 ათასი ლარია, ამას ემატება საურავი – 126 ათასი ლარი და ჯარიმა 109 ათასი ლარი. „ბათუმელებს“ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება აღიარებული ჰქონდა და ყოველთვიურად იხდიდა შესაბამის თანხებს მის დასაფარად. ინკასოს დადების მუქარის შემდეგ, „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად მიმართა და ითხოვა ვალის გადასახდელად მათთვის გრაფიკი  შეეთავაზებინათ (საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს დავალიანების გრაფიკით გადახდას), მაგრამ უარი მიიღო. 17 ივლისს კი, „ბათუმელების“ ანგარიშებს ინკასო დაადეს.

გამოცემა “ბათუმელებმა” ეს ფაქტი გამოცემაზე მორიგ ზეწოლად და მედიის დახურვის განზრახვად აღიქვა. უკვე 6 თვეზე მეტია გამოცემის დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი პატიმრობაშია. მას ბათუმის პოლიციის უფროსისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი სასამართლო პროცესები დასასრულს მიუახლოვდა,  დასკვნითი პროცესი, სადაც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს გამოაცხადებს, 1-ელ აგვისტოსაა ჩანიშნული.

ინკასო და უახლეს ერთ კვირაში დაგეგმილი ყველა სხვა ოპერაცია მიმართულია მზია ამაღლობელის გასატეხად, პერსპექტივაში კი მის მიერ შექმნილი მედიაორგანიზაციის გასანადგურებლად. ამის მარტივი დადასტურებაა ერთი მაგალითი: შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 21 მაისის ოფიციალური ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ დავალიანება ბიუჯეტის წინაშე არის 17 მილიონი ლარი. „რუსთავი 2-ს“ კი 25 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტისთვის გადასახდელი“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციამ “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მომხდარი ასევე მედიაზე ზეწოლად შეაფასა. ქარტია შემოსავლების სამსახურს მოუწოდებს, მოხსნას ინკასო გამოცემის ანგარიშებს და შეუდგუნოს განრიგი დავალიანების დასაფარად. “ბათუმელების” შემთხვევა სისტემური კამპანიის ნაწილია, რომელსაც “ქართული ოცნება” დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისა და მედიის წინააღმდეგ ახორციელებს”. – ნათქვამია კიდევ ერთი ორგანიზაციის, “მედიის ადვოკატირების კოალიციის” განცხადებაში. ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International ასევე ეხმაურება მომხდარს. “დამოუკიდებელ ქართულ გამოცემა „ბათუმელებს“ ანგარიშები გაუყინეს მას შემდეგ, რაც მისი დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის სავარაუდო შემთხვევები გამოვლინდა, რომელიც ამჟამად უკანონოდ არის დაკავებული და შებღალული სასამართლო პროცესის წინაშე დგას. Amnesty მოუწოდებს, გამოიძიონ პოლიციის ძალადობის ყველა ბრალდება“, – ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.