არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გამოკითხვაზე დაიბარეს

წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომელთა შორის არიან  მედიის საკითხებზე მომუშავე “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვა უკავშირდება ე.წ. “პირბადეების საქმეს”, რომელზეც პროკურატურამ 2025 წლის თებერვალში დაიწყო გამოძიება “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და სხვა მსგავსი დანაშაულების ირგვლივ”. ორგანიზაციების შეფასებით, ეს გამოძიება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის დევნას, შევიწროებასა და განადგურებას.

საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოკითხვაზე დაბარებულთა შორის არიან: „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი – თამთა მიქელაძე,  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ყოფილი და მოქმედი დირექტორები, ნინო დოლიძე და ლევან ნატროშვილი, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი – გიორგი მშვენიერაძე, ორგანიზაცია “საფარის” დირექტორი ბაია პატარაია და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დათანხმდებიან. ყველა მათგანი უკვე გამოიკითხა სასამართლოში. 

შეგახსენებთ, ამავე საქმის ფარგლებში, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2025 წლის 27 აგვისტოს ყადაღა დაედო  შვიდი ორგანიზაციის ანგარიშს: “მედია ადვოკატირების კოალიციის” წევრებს – “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ISFED, IDFI, GDI, ასევე, ადამიანის უფლებებსა და კორუფციაზე მომუშავე ორგანიზაციებს – „დემოკრატიის მცველები“, „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტის ნინო კოდალაშვილის დაკითხვაზე წაყვანას პოლიცია მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეცადა  

2023 წლის 23 ივნისს, თბილისში, პოეტი და აქტივისტი ზვიად რატიანი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ზვიად რატიანის დაკავების ფაქტს შეესწრო ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტი ნინო კოდალაშილი და დაკავების პროცესი გადაიღო პირადი მობილური ტელეფონით, რაც დააფიქსირეს სამართალდამცველებმაც.

მოგვიანებით, პოლიციამ ნინო კოდალაშვილის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა განიზრახა, მოწმის სტატუსით გამოკითხვის მიზნით და ასევე, მისი პერსონალური მობილური ტელეფონის დათვალიერება. შემთხვევას შეესწრო ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორიც, ნინო ჯანგირაშვილი. მან პოლიციას ჟურნალისტის გადაყვანაზე და პერსონალური მობილური ტელეფონის დათვალიერებაზე შესაბამისი კანონიერი პროცედურების გარეშე (უწყება) უარი უთხრა. ჯანგირაშვილის განცხადებით, ადგილზე სხვა აქტივისტებიც მივიდნენ. პროტესტის შედეგად  პოლიციამ ჟურნალისტის გადაყვანის გადაწყვეტილება შეცვალა.

პოლიციასთან ჟურნალისტების საუბრის პროცესი სოციალური ქსელის საშუალებით ლაივით გადაიცემოდა.

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე გამოკითხვაზე დაიბარეს

2024 წლის 26 მაისს, “მთავარი არხის” ჟურნალისტი, ვლადიმერ მენაბდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც გაირკვა, მიზეზი გახდა ოზურგეთში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სახალხო ღონისძიებაზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენისას კონტრ-სნაიპერული შაშხანით გადაღებული ფოტო, რომელიც მენაბდემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ჟურნალისტს გამოკითხვაზე დაბარების უწყებაც მიუვიდა.