საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერს ხელფასი დაუქვითა

24 თებერვალს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თებერვლის ხელფასის 30% დაუქვითა ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ადამიანური რესურსების პროექტების მენეჯერს, ქეთევან სინიცას „დამსაქმებლის რეპუტაციის შემლახავი, არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გამო“. განმეორების შემთხვევაში კი, სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. 

თინათინ ბერძენიშვილის ბრძანების მიხედვით, ქეთევან სინიცას დისციპლინარული სანქცია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლის, კახა მელიქიძის ფეისბუკ პოსტის გაზიარებისთვის, „სოციალური ქსელების გამოყენების წესებისა“ და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მუხლების დარღვევის გამო დაუწესა.

2025 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გაათავისუფლეს, არხის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები, მათ შორის, საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ჟურნალისტი და წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, სოციალურ-პოლიტიკური გადაცემა “რეალური სივრცის” ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და  

რეჟისორი კახა მელიქიძის წინააღმდეგ არხის ხელმძღვანელობა უარყოფითად მას შემდეგ განეწყო, რაც რეჟისორმა საჯაროდ ამხილა მაუწყებლის ხელმძღვანელობა, რომ აიძულებდნენ ეროვნული ნაკრების საფეხბურთო თამაშების დროს ხშირად ეჩვენებინა “ქართული ოცნების” თანამდებობის პირები, მათ შორის ირაკლი კობახიძე. 

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კახა მელიქიძეს დისციპლინური სანქცია მეორეჯერ დააკისრა

25 ოქტომბერს, კახა მელიქიძემ, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისომა, სოციალურ ქსელში დაწერა,  რომ არხისგან მორიგი გაფრთხილება მიიღო და ნოემბრის თვის ხელფასის 30%-ით დაექვითება.

მელიქიძე აღნიშნავს, რომ მიზეზი საერთაშორისო გამოცემა  internazionale-სთან გაკეთებული ინტერვიუა. გამოცემასთან ინტერვიუში მელიქიძე “ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე და „პირველი არხის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საურობს.

“მეორე გაფრთხილებაც მივიღე, მალე ალბათ გასამდება და საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაგაბუნძულებთო” – დაწერა მელიქიძემ სოციალურ ქსელ ფეისბუკზე. 

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” კახა მელიქიძეს დისციპლინური სანქცია  პირველად აპრილში დააკისრა, არხის კრიტიკულად განწყობილი სხვა ჟურნალისტების მსგავსად. მაშინ არხის მენეჯმენტმა თანამშრომლებს დარღვევად ჩაუთვალა “საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება”.

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გიგა კიტიას ხელფასი საჯარო გამოსვლისთვის დაუქვითა

2025 წლის 26 აგვისტოს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მემონტაჟე-ოპერატორი, გიგა კიტია, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გამოსვლის გამო, არხისთვის “რეპუტაციული ზიანის” მიყენებაში დაადანაშაულა და სექტემბრის თვის ხელფასიდან 30 პროცენტი დაუქვითა.

“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა” გიგა კიტია გააფრთხილა, რომ თუ 12 თვის განმავლობაში, ანალოგიური ან სხვა სახის დარღვევას დაუდგენენ, სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მემონტაჟე-ოპერატორს საყვედური აპრილშიც გამოუცხადა

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კრიტიკული ჟურნალისტები არხიდან 2025 წლის აპრილში გაათავისუფლა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ სამ თანამშრომელს დააკისრა დისციპლინური სანქცია

2025 წლის 17 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მენეჯმენტმა, დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის კიდევ სამ თანამშრომელს, რომლებიც აკრიტიკებენ არხის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას. ეს თანამშრომლები არიან: გადაცემა”რეალური სივრცის” რედაქტორი ტუხა კვინიკაძე, “შაბათ-კვირის შოუს” აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაული და “შაბათ-კვირის შოუს” კორესპონდენტი ანა აბაკელია. ბრძანებებს, რომელიც არხის თანამშრომლებმა მიიღეს, მაუწყებლის დირექტორი, თინათინ ბერძენიშვილი აწერს ხელს.

არხის მენეჯმენტმა თანამშრომლებს დარღვევად ჩაუთვალა “საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება”. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მისი მოქმედების ვადა ერთი წელია. თუ ამ დროის განმავლობაში  თანამშრომლები არხის კრიტიკას გააგრძელებნ, მათ სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრებათ.

მსგავსი სანქცია საზოგადოებრივ მაუწყებელში უკვე 7 ჟურნალისტს გამოუცხადეს. 11 აპრილს საყვედური  მიიღეს რეალური სივრცის“ ჟურნალისტმა თამარ მშვენიერაძემ  და წამყვანმა იოსებ კაციტაძემ. ასევე, არხის პულტის რეჟისორმა და შეთავსებით სპორტული გადაცემის რეჟისორმა კახაბერ მელიქიძემ და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორმა ირმა ჩუბინიძემ. ამავე დღეს, არხის ორი წამყვანი სახე, ჟურნალისტები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დისციპლინური სანქციები დააკისრა ოთხ თანამშრომელს, რომლებიც არხის მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მენეჯმენტმა, დისციპლინური სანქციები დააკისრა მაუწყებლის ოთხ თანამშრომელს, რომლებიც აკრიტიკებენ არხის ხელისუფლებისადმი მიკერძოებულ სარედაქციო პოლიტიკას. 

ეს თანამშრომლები არიან: გადაცემა „რეალური სივრცის“ ჟურნალისტი თამარ მშვენიერაძე და წამყვანი იოსებ კაციტაძე. პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე და ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე.

დოკუმენტი, რომელშიც სანქციაზეა საუბარი, იოსებ კაციტაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მას ედავებიან „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენებას და ამის შედეგად დამსაქმებელისთვის რეპუტაზიული ზიანის მიყენებას”. თუ კაციტაძე მომდევნო 12 თვის განმავლობაში მსგავსს კიდევ ჩაიდენს, მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ. სავარაუდოა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება, კრიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ელის დანარჩენ სამ თანამშრომელსაც.

იოსებ კაციტაძე, თამარ მშვენიერაძე და ირმა ჩუბინიძე არიან მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” წევრები და ბოლო თვეებია საუბრობენ არხზე არსებულ პოლიტიკურ გავლენებზე. კახაბერ მელიქიძემ 2025 წლის 3 თებერვალს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საჯაროდ განაცხადა, რომ არხის მენეჯმენტი მის სარედაქციო საქმიანობაში ერეოდა და მატჩების მიმდინარეობისას თანამდებობის პირების ეთერში არაერთხელ ჩვენებას სთხოვდა. 

დღეს, 11 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა არხის წამყვანი სახეები, ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომლებიც ასევე აკრიტიკებდნენ არხის სარედაქციო პოლიტიკას.