14 ჟურნალისტი დაშავდა Რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დაშლის დროს

2024 წლის 30 აპრილსა და 1 მაისს, ე.წ  “რუსული კანონის” საპროტესტო აქციის დაშლის დროს, სამართალდამცველების სამიზნე 14 ჟურნალისტი გახდა. ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, პოლიციამ წიწაკის სპრეი და ცრელმსადენი საშუალებები გამოიყენა, მეორე ნაწილს კი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

,,TV პირველის” გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია და დავით ბერაძე ჩიტაძის ქუჩიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ოპერატორს, ნიკა კოკაიას, სახეში წიწაკის სპრეი შეასხეს. გარდა ამისა, მუშაობაში ხელი შეუშალეს ამავე ტელეკომპანიის რეპორტიორებს: გიორგი შეწირულს, მარიამ მაკასარაშვილს და დიანა ჩირგაძეს ,,TV პირველის” ინფორმაციით, მარიამ მაკასარაშვილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“  ინფორმაციით, წიწაკის სპრეი შეასხეს გამოცემის რედაქტორს ლიკა ზაკაშვილს და ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს.

„აი ფაქტის“ ჟურნალისტი რობი ზარიძე პოლიციელებმა ჯერ კორდონში ძალის გამოყენებით შეიყვანეს, სადაც სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ , ხოლო შემდეგ დააკავეს. როდესაც გაირკვა რომ ზარიძე ჟურნალისტი იყო და პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, გაათავისუფლეს.

პოლიციელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს დეა მამისეიშვილს. გამოცემის ინფორმაციით, მას ყელში სწვდნენ და ასე შეეცადნენ, უკან დაეხია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ფოტოგრაფებს: გურამ მურადოვსა და დავით ქორიძეს, ხოლო ფოტოჟურნალისტ გიორგი ნაკაშიძეს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ფოტოჟურნალისტი ზიანისგან კამერამ დაიცვა.  

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაცია გმობს ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობას და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი.

“ფორმულას” ჟურნალისტი დაშავდა საპროტესტო აქციის გაშუქებისას

2024 წლის 2 მაისს, რუსთაველის გამზირზე ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტების დასაშლელად სპეციალური საშუალებები გამოიყენეს: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და „წიწაკის სპრეი“

დიდი რაოდენობით ამ ნივთიერების შესუნთქვის გამო შეუძლოდ გახდა „ფორმულას“ ჟურნალისტი ნიკა საჯაია,  რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მას დახმარება ადგილზე გაუწია. მოგვიანებით, ჟურნალისტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახდა. 

“რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ სხვა ჟურნალისტებიც.

საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები

2024 წლის 1 მაისს, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს დაშავდნენ „მთავარი არხის“ ოპერატორები ზუკა ჩხვირკია, ავთო მესხი, ლუკა ლავერაშვილი. ასევე დაშავდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტები სალომე ბოკუჩავა და ნიკა საჯაია.

„მთავარი არხის“ ცნობით, ოპერატორი ზუკა ჩხვირკია წყლის ჭავლმა წააქცია, შემდეგ კი სახეში გაურკვეველი საგანი მოხვდა. ავთო მესხი დარბევის დროს დაშავდა. ოპერატორებს ჭრილობები ადგილზე მყოფმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუმუშავა. მოგვიანებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

რაც შეეხება „ფორმულას“ ჟურნალისტს, სალომე ბოკუჩავას, როგორც თავად ჰყვება, აქციის გაშუქებისას მას თვალებში სავარაუდოდ წიწაკის სპრეი შეასხეს.

„ძლიერი წვისა და სუნთქვის უკმარისობის გამო იძულებული გავხდი, დამეტოვებინა ადგილი, სადაც ვმუშაობდი და საიდანაც გაწვდიდით ინფორმაციას. მომიწია გადანაცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში,“ – ამბობს ბოკუჩავა.

აქციაზე დაშავდა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, მინდია გაბაძეც. მას სამართალდამცველმა დაარტყეს

რეზინის ტყვიები მოხვდა ჟურნალისტ დავით თამაზაშვილსაც.

აქციაზე ჟურნალისტების დაშავების შემთხვევებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა:

“ქარტია გმობს საპოლიციო ძალების სისასტიკეს და უკანონო ქმედებებს ჟურნალისტების მიმართ და მოუწოდებს მათ, შეწყვიტონ ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, დაბრუნდნენ კანონის ჩარჩოებში და პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს” ნათქვამია განცხადებაში.