6 ივნისს საღამოს, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს, რომელიც “შაბათის მარშს” აშუქებდა, ფილარმონიასთან უცნობი პირი თავს დაესხა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ დაარტყა და სახე დაუზიანა. თავდამსხმელი “გლოვოს” ჩანთით იყო და სკუტერით გადაადგილდებოდა. იგი ადგილიდან პოლიციამ გაიყვანა, თუმცა, თვითმხილველთა თქმით, სამართალდამცველების რეაგირება დაგვიანებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი. მომხდარიდან მალევე, მედიით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თავდამსხმელი პოლიციელებთან ერთად, ხელბორკილების გარეშე.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მოუწოდებს შსს-ს კანონის შესაბამისად დასაჯოს ჟურნალისტზე თავდამსხმელი და გამოიჩინოს ძალისხმევა ჟურნალისტებისთვის უსაფრთო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად. “პოლიციის გულგრილი დამოკიდებულება მსგავსი დანაშაულების მიმართ ახალისებს ძალადობას – აგრესიული პირები ჟურნალისტებს იოლ სამიზნედ მიიჩნევენ”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
„მთის ამბების“ რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ 9 მაისს მას თავს დაესხა, მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მარგებაძე.
„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების“ მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს“, – წერს გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.
შემთხვევა გადაცემა „ღია სივრცის“ დასრულებისთავანე მოხდა, სადაც ჰესებთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ სტუმრად იყო მიწვეული გიორგი მარგებაძე. გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილია. სტუმრად მiწვეული იყო “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი.
მთივლიშვილის მიმართვის საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.
ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს “მედიის ადვოკატირების კოალიცია”.
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი ხდება მუქარის, ზეწოლისა და ძალადობის სამიზნე. წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ არაერთი აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება არა თუ ვერ უზრუნველყოფს ჟურნალისტების დაცვას და ძალადობის ეფექტიან გამოძიებას, პირიქით, ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო საშიშ გარემოს ქმნის”- წერია განცხადებაში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის, მხედველობის მდგომარეობა საგანგაშო ნიშნულზეა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება საჭირო გამოკვლევები და ამ დრომდე ვერ იღებს ექიმისგან სათანადო კონსულტაციას, რაც მხედველობის შესანარჩუნებლად და მკურნალობის დასაგეგმად აუცილებელია.
„2025 წელს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე, მარჯვენა თვალში მისი მხედველობა იყო დაახლოებით 30% (0,3), რაც სათვალით კორეგირების შემთხვევაში შესაძლოა გაზრდილიყო 90%-მდე. ციხეში მოთავსების შემდგომ მისი მხედველობა საგანგაშოდ გაუარესდა. 2025 წლის 4 თებერვალს მარჯვენა თვალზე ჩატარებული კვლევების თანახმად, მისი მარჯვენა თვალის მხედველობის კორეგირება სათვალით შესაძლებელი იყო დაახლოებით 60%-მდე, ხოლო 2 დღეში ჩატარებული განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ მზია ამაღლობელის მარჯვენა თვალში მხედველობა დავარდა 0,1-მდე (20%-ით 2 დღის ინტერვალში) და მარჯვენა თვალის მხედველობის სათვალით კორეგირება ამჯერად შესაძლებელი იყო მხოლოდ 40%-მდე, ნაცვლად ციხეში მოთავსებამდე არსებული 90%-ისა“, – წერია “საიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, 2025 წლის ივლისში ადვოკატებმა ციხის ადმინისტრაციისგან მოითხოვეს მზია ამაღლობელისთვის საჭირო გამოკვლევების ჩატარება იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებსაც მზია დაპატიმრებამდე მიმართავდა და სადაც მისი, როგორც პაციენტის ისტორია ინახებოდა. ამ მოთხოვნაზე პენიტენციური სამსახურისგან უარი მიიღეს, რის შემდეგაც ჟურნალისტის მხედველობა ციხის ადმინისტრაციის მიერ შერჩეულ კლინიკაში შემოწმდა.
„მიუხედავად სამედიცინო შეფასებებისა, რომლებიც ციხეში ყოფნის პერიოდში ცალსახად აჩვენებს მზია ამაღლობელის მხედველობის საგანგაშო გაუარესების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას არ მიუღია რაიმე ეფექტიანი ზომები ადეკვატური გამოკვლევებისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად და არც მხედველობის ამგვარი დრამატული გაუარესების მიზეზი დადგენილა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მზია ამაღლობელს 6 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც.
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ჯგუფს, სავარაუდოდ აქციის მონაწილემ “გაურკვეველი სითხე” შეასხა, რის შედეგადაც, ჟურნალისტი შალვა სუმბაძე და ოპერატორი ნიკა ცირეკიძე დაშავდნენ.
2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის გაშუქებისას ორჯერ დაშავდა “TVპირველის” ოპერატორი, ნიკო კოკაია. პირველი შემთხვევა, როგორც ტელეკომპანია იუწყება, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან მოხდა. კოკაია შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტმა გაზის კაფსულები გაისროლა. მას სასწრაფო დახმარების ექიმების დახმარება დასჭირდა.
მეორე შემთხვევა ორბელიანის მოედანზე მოხდა. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორს ფეხზე სავარაუდოდ გაზის კაფსულა მოხვდა.
“TV პირველის” გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ირაკლი ბახტაძესა და მის ოპერატორს, სავარაუდოდ დამიზნებით ესროლეს გაზის კაფსულა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ორბელიანის მოედანზე, პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდნენ.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის ცრემლსადენი გაზის გასროლისა და კაფსულების აფეთქების ხმა იქ, სადაც “TV პირველის” გადამღები ჯგუფი მუშაობს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, კაფსულა ჟურნალისტის ჩაფხუტს მოხვდა. ამ დროს, მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს უკვე დატოვებული ჰქონდათ. გასროლამდე, წინასწარი გაფრთხილება არ მომხდარა. ჟურნალისტს და ოპერატორს დაზიანებები არ მიუღიათ.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის გაშუქებისას, დოკუმენტალისტმა ფოტოგრაფმა, მარიამ გიუნაშვილმა წიწაკის სპრეისგან დამწვრობა მიიღო. „სამი სხვადასხვა მხრიდან შემესხა [წიწაკის სპრეი], წინიდან ეგრევე სახეში და გვერდებიდან მთელ სხეულზე. ხელებზე და მკლავებზე მივიღე განსაკუთრებულად დამწვრობა”, – თქვა გიუნაშვილმა “მედიაჩეკერთან” საუბრისას.
2025 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩამოართვეს მობილური ტელეფონები. ერთ-ერთ დაშავებულ ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა შემდეგ ინციდენტებს:
- “პუბლიკის” ინფორმაციით, გამოცემის ორ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მობილური ტელეფონები წაართვეს. გამოცემა წერს, რომ “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის დახმარებით, მათ შეძლეს მხოლოდ ერთი, ალექსანდრე ქეშელაშვილის ტელეფონის დაბრუნება [ტაიმკოდი: 1:14-1:20], მეორე ტელეფონს კი ეძებენ. “პუბლიკა” წერს, რომ მათ აქვთ ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს ვინ ართმევს ჟურნალისტს ტელეფონს. გამოცემა ამ პირს მობილურის დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რედაქციის ტექნიკის მოპარვისა და მათი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე;
- გამოცემა “ნეტგაზეთის” ცნობით, მათ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს, სამართალდამცველმა აგინა, მასზე ფიზიკურად იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მუშაობდა და შტაბთან მიმდინარე დაპირისპირების კადრებს იღებდა, მათ შორის, კოლეგა ალექსანდრე ქეშელაშვილზე თავდასხმას. როგორც ქეთევან ხუციშვილი აღწერს, ის იღებდა როგორ აგინებდნენ მედიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” შტაბიდან გამოსულები, რა დროსაც მასაც დაემუქრნენ, რომ ტელეფონს დაკარგავდა: “გამოხატეს უხეში და უზრდელური ჟესტებით გინება. შემდეგ მომადგა ერთი პოლიციელი ნუ პროვოცირებო, ხელებში მომკიდა და მიმათრევდა. მოვიდნენ, მეორე და მესამეც, შემაგინა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ამის შემდეგ მოვიდა ცისფერმაისურიანი კაცი, რომელმაც ასევე შემაგინა. ბოლოს მიმათრიეს და შემაგდეს პოლიციელებში, ერთ-ერთმა ხელიც მკრა” [ვიდეომასალა, ტაიმკოდი: 0:30 -2:32];
- OC Media-ს დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა წყალი შეასხა. მარიამ ნიკურაძე გამოცემა “მედიაჩეკერთან” ჰყვება, რომ ის იღებდა, როგორც ცდილობდა პოლიცია ტერიტორიიდან გაეყვანა აქციის მონაწილეები: “ამ დროს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მხარდამჭერი მომიახლოვდა და მთელი ბოთლი წყალი გადამასხა თავზე პოლიციის თანდასწრებით. პოლიციას მისთვის არაფერი უთქვამს, მე გამწია გვერდზე”, – ამბობს იგი.
- წყალი შეასხეს “სტუდია მონიტორის” ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძესაც.
- კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო უნგრელმა ჟურნალისტმა ლასლო მუზეშმა. მასზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა იძალადეს, სცადეს მისთვის ტელეფონის ჩამორთმევაც. ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მომხდარს გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია”. ორგანიზაცია წერს, რომ “დამოუკიდებელ მედიებზე თავდასხმა და დამნაშავეთა დაუსჯელობა “ქართული ოცნების” ერთიანი პოლიტიკის ნაწილია”. კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელსაც ძალადობრივი რეჟიმის პირობებში პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევს.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” სასტიკად გმობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ძალადობას ჟურნალისტებზე პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობისა და გულგრილობის ფონზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ, ხოლო პროკურატურას ამ ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
2024 წლის 28 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაშავდა “TV პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოპერატორ ნიკო კოკაიას პოლიციამ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, წიწაკის სპრეი სახეში შეასხა.
2024 წლის 1 მაისს, ფოტოგრაფი ლუკა ღვინიაშვილი საპროტესტო აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მას სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, დააკავეს. ლუკა ღვინიაშვილმა თქვა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ორი დღე გაატარა.
“ათმა კაცმა გამათრია, სულ სახეში მირტყეს. პირდაპირ, მიზანი იყო რომ თავში მომხვედრილიყო. უკვე, რომ მცემეს და შემაგდეს კორდონის უკან, კიდე წავიდა ანგარიშსწორება, გინება, დამცირება” – უთხრა ღვინიაშვილმა მთავარ არხს.