08-09-2025
თბილისი
თბილისის მერის კახა კალაძის  საარჩევნო შტაბთან, პოლიციისა და “ქართული ოცნების” მხარდაჭერების მიერ, ექვსი ჟურნალისტი დაზარალდა

2025 წლის 8 სექტემბერს, თბილისში, პარტია “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის, საარჩევნო შტაბთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას, პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტებზე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჩამოართვეს მობილური ტელეფონები. ერთ-ერთ დაშავებულ ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა შემდეგ ინციდენტებს:

  • “პუბლიკის” ინფორმაციით, გამოცემის ორ ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ქეთო მიქაძეს, ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ და მობილური ტელეფონები წაართვეს. გამოცემა წერს, რომ “ნეტგაზეთის” ჟურნალისტის დახმარებით, მათ შეძლეს მხოლოდ ერთი, ალექსანდრე ქეშელაშვილის ტელეფონის დაბრუნება [ტაიმკოდი: 1:14-1:20], მეორე ტელეფონს კი ეძებენ. “პუბლიკა” წერს, რომ მათ აქვთ ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს ვინ ართმევს ჟურნალისტს ტელეფონს. გამოცემა ამ პირს მობილურის დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება რედაქციის ტექნიკის მოპარვისა და მათი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე;

  • გამოცემა “ნეტგაზეთის” ცნობით, მათ ჟურნალისტს, ქეთევან ხუციშვილს, სამართალდამცველმა აგინა, მასზე ფიზიკურად იძალადა და ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში მუშაობდა და შტაბთან მიმდინარე დაპირისპირების კადრებს იღებდა, მათ შორის, კოლეგა ალექსანდრე ქეშელაშვილზე თავდასხმას. როგორც ქეთევან ხუციშვილი აღწერს, ის იღებდა როგორ აგინებდნენ მედიის წარმომადგენლებს “ქართული ოცნების” შტაბიდან გამოსულები, რა დროსაც მასაც დაემუქრნენ, რომ ტელეფონს დაკარგავდა: “გამოხატეს უხეში და უზრდელური ჟესტებით გინება. შემდეგ მომადგა ერთი პოლიციელი ნუ პროვოცირებო, ხელებში მომკიდა და მიმათრევდა. მოვიდნენ, მეორე და მესამეც, შემაგინა ერთ-ერთმა პოლიციელმა. ამის შემდეგ მოვიდა ცისფერმაისურიანი კაცი, რომელმაც ასევე შემაგინა. ბოლოს მიმათრიეს და შემაგდეს პოლიციელებში, ერთ-ერთმა ხელიც მკრა” [ვიდეომასალა, ტაიმკოდი: 0:30 -2:32];

  • OC Media-ს დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა წყალი შეასხა. მარიამ ნიკურაძე გამოცემა “მედიაჩეკერთან” ჰყვება, რომ ის იღებდა, როგორც ცდილობდა პოლიცია ტერიტორიიდან გაეყვანა აქციის მონაწილეები: “ამ დროს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მხარდამჭერი მომიახლოვდა და მთელი ბოთლი წყალი გადამასხა თავზე პოლიციის თანდასწრებით. პოლიციას მისთვის არაფერი უთქვამს, მე გამწია გვერდზე”, – ამბობს იგი. 

  • წყალი შეასხესსტუდია მონიტორის” ჟურნალისტს, ქეთი თუთბერიძესაც.

  • კახა კალაძის შტაბთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო უნგრელმა ჟურნალისტმა ლასლო მუზეშმა. მასზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა იძალადეს, სცადეს მისთვის ტელეფონის ჩამორთმევაც. ჟურნალისტს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

მომხდარს გამოეხმაურა “მედიის ადვოკატირების კოალიცია”. ორგანიზაცია წერს, რომ “დამოუკიდებელ მედიებზე თავდასხმა და დამნაშავეთა დაუსჯელობა “ქართული ოცნების” ერთიანი პოლიტიკის ნაწილია”. კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, რომელსაც ძალადობრივი რეჟიმის პირობებში პროფესიული მოვალეობის შესრულება უწევს.

“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” სასტიკად გმობს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მხრიდან ძალადობას ჟურნალისტებზე პოლიციის დანაშაულებრივი უმოქმედობისა და გულგრილობის ფონზე და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ, ხოლო პროკურატურას ამ ინციდენტების ეფექტურად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

Share
08-09-2025
6
გადაღების აკრძალვა | ვერბალური თავდასხმა | მუშაობაში ხელშეშლა | სიტყვიერი შეურაცხყოფა | ტექნიკის ჩამორთმევა | ფიზიკური დაზიანება | ფიზიკური ძალადობა
პარტია "ქართული ოცნება" | სამართალდამცველი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა | პროფესიული ნიშნით დევნა
თბილისი