ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში სამოქალაქო აქტივისტისა და ბლოგერის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციული მასალები ვრცელდება. „რადიო თავისუფლების“ მიერ 23 ნოემბერს გამოქვეყნებული მასალის თანახმად, ანონიმური Facebook-გვერდები ავრცელებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ვიდეოებსა და პოსტებს, რომლებშიც აქტივისტს ნარკოტიკებით ვაჭრობას აბრალებენ. ბოლო დღეებში ანონიმური Facebook-გვერდები ავრცელებენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ ვიდეოებსა და პოსტებს, რომლებშიც აქტივისტს ნარკოტიკებით ვაჭრობას აბრალებენ. 23 ნოემბერს ერთ-ერთმა გვერდმა რაზმაძის ტელეფონის ნომერიც გამოაქვეყნა და განაცხადა, თითქოს ამ ნომერზე მარიხუანის შეძენა შეიძლებოდა. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გავრცელების შესახებ „მითების დეტექტორიც“ წერს.
რაზმაძე გავრცელებულ მასალებს „დისკრედიტაციის კამპანიად“ აფასებს და მათ საკუთარ კრიტიკულ საჯარო აქტიურობას უკავშირებს. მისი თქმით, კამპანია გააქტიურდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარის გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და მოგვიანებით 3,000 ლარით დააჯარიმეს. აქტივისტი ნარკოტიკებით ვაჭრობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებზე სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობასაც განიხილავს.
თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის პარალელურად, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიტო სამხარაძემ სოციალურ ქსელში აქტივისტის მიმართ ფიზიკური ძალადობის მუქარის შემცველი კომენტარიც გაავრცელა. აღნიშნულ საკითხს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ იწყება მუქარის ფაქტზე გამოძიება, კობახიძემ განაცხადა, რომ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა, როდესაც ჟურნალისტმა დააზუსტა, რომ მუქარის ავტორად დიტო სამხარაძე სახელდებოდა, კობახიძემ მის საპარლამენტო იმუნიტეტზე მიუთითა, დამატებით შეკითხვას კი ქილიკით უპასუხა: „მე საერთოდ არ ვიცი, ვინ ვის ემუქრება“.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ დისკრედიტაციული მასალების გავრცელების პირველი შემთხვევა. სულ რამდენიმე დღის წინ, ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული კრიტიკული განცხადების გამო, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ აქტივისტი პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულა, მისი განცხადება კი პროსამთავრობო მედიებმა დისკრედიტაციული ქარდების სახით გაავრცელეს.
19 ნოემბერს პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა და POSTV-მ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების საპასუხოდ სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ მსგავსი შინაარსის დისკრედიტაციული მასალები გაავრცელეს. მასალებში ისინი ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაციისა და ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაში არიან დადანაშაულებული.
ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ქარდები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის შესახებ. ქურდოვანიძემ ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების მიზეზებისა და პასუხისმგებელი პირების დადგენის აუცილებლობაზე მიუთითა და ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში უსაფრთხოების საბაზისო პირობების დაცვის პრობლემასა და „თბილისი ენერჯის“ ვალდებულებებზე. პროსამთავრობო მედიებმა მისი განცხადება ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობად წარმოაჩინეს.
მსგავსი შინაარსის ქარდები გავრცელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას წინააღმდეგაც. „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა პატარაიას განცხადებას – „ევროპაში მსგავსი რამ არ ხდება“ – ევროპის ქვეყნებში 2026 წელს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების ჩამონათვალი დაუპირისპირეს. „იმედმა“ მასალები სათაურით „მდიდარი NGO-ს ლიდერის ბინძური მანიპულაცია“ გაავრცელა.
ამავე პერიოდში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძის Facebook-პოსტს გამოეხმაურა და იგი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა. რაზმაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ საკითხებზე დუმილი ადამიანებს პრობლემებისგან ვერ დაიცავს. ანანიძემ მისი განცხადება პოლიტიკურ სპეკულაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ „საზოგადოება კარგად ხედავს, სად გადის ზღვარი გულწრფელ წუხილსა და პოლიტიკურ სპეკულაციას შორის“. ეს შეფასება „იმედმა“, POSTV-მდა „რუსთავი 2“-მა დისკრედიტაციული ქარდების სახით გაავრცელეს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, „რუსთავი 2“-მა აღნიშნული შინაარსის პოსტების ხილვადობის გასაზრდელად ფასიანი რეკლამაც გამოიყენა. 20 ნოემბრის მონაცემებით, Meta-ს რეკლამების ბიბლიოთეკაში ოთხი აქტიური რეკლამა იძებნებოდა. პოსტების რეკლამირება მიმდინარეობდა იმ პერიოდშიც, როდესაც ტრაგედიის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
აღნიშნული მასალები საერთო დისკრედიტაციულ ნარატივს ქმნის, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სახელმწიფო პასუხისმგებლობის შესახებ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებები ტრაგედიით მანიპულირებისა და პოლიტიკური სარგებლის მიღების მცდელობად არის წარმოჩენილი.
15 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ, უცხოური პოლიტიკური ინტერესების გამტარებელ ქსელად არიან წარმოჩენილი. სიუჟეტში ორგანიზაციებს წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების დარღვევებზე დუმილში, პოლიტიკურ მიკერძოებასა და ყოფილი ხელისუფლების ინტერესების მომსახურებაში ადანაშაულებენ. სიუჟეტის ცალკეული მონაკვეთები ტელეკომპანია „იმედის“ სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა, დამოუკიდებელი მოკლე ვიდეოკლიპების სახით.
გადაცემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის მოსალოდნელი შეჭრის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ამავე კონტექსტში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმართ კვლავ გაჟღერდა დაუსაბუთებელი ბრალდება, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მისთვის კაპიტნის წოდების მინიჭების გარემოებებს უკავშირდება.სიუჟეტში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა სასამართლო სისტემის კონტროლის მცდელობადაც არის წარმოდგენილი. “ქართული ოცნების” წარმომადგენელი სოზარ სუბარი ამტკიცებს, რომ ე.წ. ვეტინგის მოთხოვნა ორგანიზაციებმა მას შემდეგ წამოაყენეს, რაც სასამართლო მათ ინტერესებს არ დაექვემდებარა. ამასთან, ე.წ. „კასრების საქმეზე“ საუბრისას სუბარი ვარაუდობს, რომ წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების ნაწილი შესაძლოა კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში იყოს და მათ სხვადასხვა პირის შანტაჟისთვის დღემდე იყენებდნენ.
სიუჟეტის საერთო გზავნილი არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობისა და სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებას ემსახურება. მათი საქმიანობა, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვა და სასამართლო რეფორმის ადვოკატირება, წარმოჩენილია არა საზოგადოებრივი ინტერესების დაცვად, არამედ ყოფილი ხელისუფლებისა და უცხოური ძალების პოლიტიკური მიზნების განხორციელების საშუალებად.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის პირველი შემთხვევა. მსგავსი შინაარსის განცხადებები და მასალები არაერთხელ გავრცელებულა როგორც პროსამთავრობო მედიასაშუალებების და „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული სოციალური ქსელის გვერდების, ისე მმართველი პარტიის დეპუტატებისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან.
ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე გახდა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო ევროპის დღის აღნიშვნაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. დისკრედიტაციული გზავნილები ვრცელდებოდა თავად საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის ელჩის მისამართითაც. მთავარი წყარო პროსამთავრობო მედია და ასევე, ‘ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები იყვნენ.
ევროპის დღე წელს 10 ოქტომბერს, კახეთში, მეღვინეობა “მოსმიერში” აღინიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები, დიპლომატიური მისიების თანამშრომლები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ღონისძიებას არ დასწრებიან. ევროპის დღე მრვალფეროვან ღონისძიებებს მოიცავდა და ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” კონცერტით დასრულდა.
10-12 ოქტომბერს, ამ ღონისძიებას, დისკრედიტაციის კოორდინირებული კამპანია მოჰყვა “ქართული ოცნების”, პროსამთავრობო მედიისა და მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან. ამ კამპანიით, ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” დაადანაშაულეს ხელისუფლების მხარდამჭერების შეურაცხყოფაში, პაველ ჰერჩინსკი კი დიპლომატიური ნეიტრალიტეტის დარღვევაში. ასევე, ევროპის დღის ღონისძიება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ აქციად შეაფასეს.
- “ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა. მადლობას არ ვითხოვთ. უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, ევაკუირებული იქნებოდა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
- „ზედიზედ მეორედ მიიწვიეს ისეთი შემსრულებელი, რომელიც გამოირჩევა ჩვენი მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებებით, რაც ძალიან სამწუხაროა, – ეს განცხადება პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. (“ოლე – ოლა” საპროტესტო სიმღერაა და ის “ქართულ ოცნებას” განსაკუთრებით აღიზიანებს”.
- “ყველაფერი ვიცით, ვინ რას წარმოადგენს და საიდან იმართებიან, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამტავრობო მედიის ჟურნალისტის მხრიდან „ევროპის დღე 2026“-ზე ჯგუფ „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
- “როცა საზოგადოების მაგინებელ მომღერლებს ფულს უხდი და ახალისებ, მიდიხარ და ეუბნები, რომ თურმე მილიონობით ადამიანის გინება – თუნდაც სიმღერით – მაღალი ხელოვნებაა… ამხელა რანგის ადამიანი, პირდაპირი გაგებით, ტინგიცობ ამ მაგინებელი ადამიანების კონცერტზე – რა თქმა უნდა, ამას არ გაატარებს ქართული საზოგადოება”, – ეს განცხადება ფსევდო ოპოზიციის, “ხალხის ძალის” დეპუტატს, გურამ მაჭარაშვილს ეკუთვნის.
- “სიმბოლურია ამ ჯგუფის მიწვევა, რადგან „მდგომარეობა, რომელშიც ჰერჩინსკი და მისი უფროსები არიან, ნამდვილად გამოუვალია“ – ეს კი პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ს აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის პოსტია სოციალურ ქსელში. ეს გზავნილი რამდენჯერმე განმეორდა “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირების პოსტებში.
- “ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც “გამოუვალი მდგომარეობა” რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის?.. მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან”, – დაწერა სოციალურ ქსელში პროპაგანდისტული მედია POSTV-ის თანამშრომელმა ლიზა გეგეჭკორმა.
ეს განცხადებები, ორი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა პროსამთავრობო მედიებში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მმართველ პარტიასტან დაკავშირებული აქტორები პროტესტში ჩართული ხელოვანების, ასევე, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაციას ცდილობენ. ცოტა ხნის წინ, ამგვარი კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე იყო მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია, რომელიც, იძულებლი გახდა ჩაეშალა დაგეგმილი კონცერტი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო სექტორი საქართველოს მტრად მოიხსენია, პროევროპული საპროტესტო აქციები კი ანტიქართულ აქციად.
“მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეს კონკრეტული ანტიქართული აქცია, ვინ მისცა ფული საია-ს და ბაია პატარაიას – როგორც კი ფულის წყაროს ნახავთ, ნახავთ თუ ვინ მტრობს საქართველოს! – ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვარშავაში გამართულ ეუთოს კონფერენციას, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ონიანი და „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ესწრებოდნენ. ბაია პატარაია ამ შეხვედრას საპროტესტო ბანერით ესწრებოდა.
ამ ამბავს ეუთოს წევრი ქვეყნები გამოეხმაურნენ. მათ შალვა პაპუაშვილს შეახსენეს, წევრი ქვეყნების ქცევის კოდექსი. “შეშფოთებული ვართ ქართველი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ ამ კონფერენციაში მათ მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქმული კომენტარებით, აგრეთვე, ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის მონაწილე სხვადასხვა უფლებადამცველისგან მიღებული ცნობებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეუთოს ღონისძიებებში უსაფრთხო მონაწილეობა, ყოველგვარი საპასუხო ზომების გარეშე“, – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის წარმომადგენელმა.
საპროტესტო აქციების მონაწილე სერგეი ყანჩელი ამბობს, რომ 27 სექტემბერს პოლიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, პოლიციელებმა კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ გააჩერეს, შემდეგ კი სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ემუქრებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით. აქტივისტის განცხადებით, მას ასევე აიძულებდნენ სექსუალური ხასიათის ქმედების შესრულებას.
სერგეი ყანჩელი პოლიციის მხრიდან ძალადობას თავის სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მომხდარის გამო აქტივისტი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პროსამთავრობო მედია, ტელეკომპანია “იმედი”, ნინო დოლიძის, გიორგი ბურჯანაძისა და გიორგი ონიანის სტრასბურგში ვიზიტს გამოეხმაურა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდნენ.
„ქრონიკის“ მასალაში ვიზიტი დისკრედიტაციულ კონტექსტში გაშუქდა და შეფასდა როგორც „ნაცნობი სცენარი“ და „საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“ მოქმედება. სიუჟეტში ითქვა, რომ ალენ ბერსესთან შეხვედრის თემა, მათივე „მისაღებ მედიაში“ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, კვლავ „სანქციები და სადამსჯელო მექანიზმები“ იყო.
ანალოგიური ნარატივი გაავრცელეს სხვა პროსამთავრობო მედიებმაც, მათ შორის POSTV-მ. აღნიშნულ მასალებში სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტი და საერთაშორისო შეხვედრები კვლავ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და სანქციების მხარდაჭერის მცდელობად იყო წარმოჩენილი.
ამგვარი გაშუქება სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების საერთაშორისო ადვოკატირებას ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად წარმოაჩენს. მასალა იმეორებს ნარატივს, რომლის მიხედვითაც კრიტიკული სამოქალაქო აქტორების საქმიანობა არა დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ, არამედ სახელმწიფოს დაზიანებისკენ არის მიმართული.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შესახებ დისკრედიტაციული განცხადებები გააკეთეს. აღნიშნული განცხადებები მოგვიანებით პროსამთავრობო არხის ტელეკომპანია “იმედის” Facebook-გვერდზე ქარდების სახით გავრცელდა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეკა გიგაურს „არავინ არაფერს ეკითხება“ და ის „ასრულებს დავალებას, რომელსაც გარედან აძლევენ“. პაპუაშვილი ასევე ამბობს: „თუ გაიგებთ, ვინ აფინანსებს ამ ადამიანს, გაიგებთ, ვინ მტრობს საქართველოს“.
ირაკლი კობახიძემ ეკა გიგაურის ორგანიზაციას „პარტიული დანამატი“ უწოდა და განაცხადა, რომ ის „არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც NGO“.
ამასთან, კობახიძის კიდევ ერთი განცხადება მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაციას უკავშირდება. მან პროტესტს „რადიკალების აგენტურის ე.წ. პროტესტი“ უწოდა, ხოლო მისი გაგრძელება „სექტანტობად“ შეაფასა.
მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მსგავსი განცხადებები და მათი ქარდების სახით გავრცელება იმეორებს ნარატივს, რომელიც კრიტიკულ სამოქალაქო ორგანიზაციებსა და პროტესტის მონაწილეებს არა დამოუკიდებელ სამოქალაქო აქტორებად, არამედ გარე გავლენებით ან პარტიული ინტერესებით მოქმედ ჯგუფებად წარმოაჩენს. მსგავსი გზავნილები ეკა გიგაურის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და პროევროპული პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილად შეიძლება შეფასდეს.
გორში 26 სექტემბერს დაგეგმილი მუსიკოს ალექსანდრე კორძაიას, Kordz-ის კონცერტი გადაიდო. კონცერტი „კამარა ფესტივალის“ ფარგლებში უნდა გამართულიყო, რომლის ორგანიზატორი დანიის კულტურის ინსტიტუტი იყო. ორგანიზატორის განცხადებით, ფესტივალი დაგეგმილი ფორმით უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ვერ ჩატარდება.
მუსიკოსის განცხადებით, გორში დაგეგმილი კონცერტი „სერიოზული საფრთხის ქვეშ იყო“. კორძაია მიზეზად ადგილობრივი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ წევრებისა და პროსამთავრობო მედიის მხრიდან შეტევასა და მუქარას ასახელებს და წერს, რომ ადგილზე უსაფრთხოების გარანტია არ არსებობდა.
კონცერტის ჩაშლას წინ უძღოდა სახელისუფლებო აქტორებისა და მედიის კამპანია და შეკითხვები ევროკავშირის ელჩის მიმართ, „იზიარებს თუ არა ევროკავშირი პასუხისმგებლობას მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხყოფაზე“. Kordz-ის კონცერტი „ქართული ოცნების“ დეპუტატები მხრიდან „რადიკალიზმის წახალისებად“ და „საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივების ხელშეწყობად“ შეფასდა.
ფესტივალის გადადებას გამოეხმაურა ევროკავშირის საელჩოც. საელჩომ სინანული გამოთქვა, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „კრეატიული კომპასი საქართველოს“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფესტივალი ორგანიზატორებმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო გადადეს.
ევროკავშირის საელჩოს განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და საელჩო „სიძულვილის ენის“ წაქეზებაში დაადანაშაულა. პაპუაშვილმა Kordz-ს „საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საელჩო „ფაშიზმის, რადიკალიზმისა და გინების“ წახალისებით არის დაკავებული.
ალექსანდრე კორძაია ერთ-ერთია იმ მუსიკოსებს შორის, რომლებიც პროევროპული საპროტესტო აქციების მხარდამჭერებად არიან ცნობილი. 2026 წლის ივლისში მას თბილისში თავს დაესხნენ.
პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ GIPA-ს ყოფილმა სტუდენტმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტი დატოვა, რადგან, მისი თქმით, ლექტორები სტუდენტებს აქციებზე სიარულს აიძულებდნენ და ამის სანაცვლოდ ქულებს უწერდნენ.
გადაცემის ეს მონაკვეთი „იმედმა“ სოციალურ ქსელშიც გაავრცელა შემდეგი ტექსტით: „ჯიპას“ ყოფილი სტუდენტი: „ჯიპას“ ლექტორები გვაიძულებდნენ, აქციებზე წავსულიყავით და ამაში გვეწერებოდა ქულები“.
ამ შინაარსის განცხადების გავრცელება პროევროპული პროტესტის მონაწილეთა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილად უნდა შეფასდეს, რადგან ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სტუდენტების მონაწილეობა აქციებში არა დამოუკიდებელი სამოქალაქო პოზიციით, არამედ პირადი სარგებლის ან გარე ზეწოლის შედეგად იყო განპირობებული.