ტელეკომპანია “ფორმულას” მაყურებლის ნაწილს არხის მაუწყებლობა შეუწყდა

4 მაისს, ტელეკომპანია “ფორმულამ” გაავრცელა განცხადება არხის მაუწყებლობის ნაწილობრივ შეწყვეტასთან დაკავშირებით.

„გვსურს, შევატყობინოთ “ფორმულას” მაყურებელს, რომ არხის მაუწყებლობა დროებით შეუწყდა მათ ნაწილს. მიზეზი არის დავალიანება კომპანია სტერეო პლიუსის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს „ფორმულას“ ღია სიგნალით გავრცელებას იმ მაყურებლებისთვის, ვისაც საკაბელო ტელევიზია არ აქვს და არხს ციფრული მულტიპლექსის საშუალებით იღებს. არხის ხელმძღვანელობა აქტიურად მუშაობს საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზებაზე, რათა მაუწყებლობა რაც შეიძლება მალე სრულად აღდგეს. ამ პროცესში თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ გსურთ, შეგიძლიათ დაეხმაროთ ტელეკომპანია ფორმულას დონაციის გზით. გმადლობთ ნდობისა და თანადგომისთვის“, – წერია „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანია “ფორმულამ” მაუწყებლობის განახლების შესახებ განცხადება 13 მაისს გაავრცელა

ფინანსური დავალიანების გამო გაითიშა “TV პირველის” სატელიტური მაუწყებლობა

2026 წლის 11 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფინანსური დავალიანების გამო “TV პირველის” სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. ტელეკომპანიის ცნობით, სატელიტური და ღია მაუწყებლობა დიდი თანხებთან არის დაკავშირებული, რომლის დაფარვაც მათ ვეღარ შეძლეს.

არხი დახმარებას მაყურებელს სთხოვს და აქვეყნებს ანგარიშის ნომერს: „ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას! თქვენ შეგიძლიათ თქვენი მონაწილეობით გაუზიაროთ “TV პირველის” მაუწყებლობა მთელს საქართველოს და ემიგრანტებს, ვინც ევროპასა და აზიაში სატელიტის საშუალებით გვიყურებს”, – ვკითხულობთ “TV პირველის” განცხადებაში.

არხის პირდაპირი ტრანსლაციები კვლავ ხელმისაწვდომია ონლაინ და ფასიან სატელევიზიო პლატფორმებზე, როგორიცაა „მაგთი“ და „სილქნეტი“. გათიშვის შედეგად, ტელეკომპანიის გადაცემებზე აღარ ექნებათ წვდომა რეგიონებსა და შორეულ რაიონებში მცხოვრებ მაყურებლებს, სადაც ასეთი სერვისები ნაკლებად ხელმისაწვდომია ან თითქმის არ გამოიყენება.

“TV პირველი” არ არის გამონაკლისი მედია. ბოლო პერიოდში, “ქართული ოცნების” რეპრესიული საკანონმდებლო პოლიტიკის შედეგად, რომლის მიზანი დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის შეზღუდვაა, საქართველოში ბევრ მედიასაშუალებას შეექმნა ფინანსური პრობლემები.