ოკუპირებული ცხინვალის “სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა” “ამერიკის ხმის” ყოფილი ჟურნალისტის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა “ამერიკის ხმის” ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის პერსონალური მონაცემები გაასაჯაროა. 

2026 წლის 2 თებერვალს, უწყებამ გამოაქვეყნა განცხადება ცხინვალელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თამარ მეარაყიშვილი აგროვებდა და ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას, და რომ იგი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, მათ შორის – “ამერიკის ხმისთვის“. განცხადებას თან ერთვის თამარ მეარაყიშვილის მობილურ ტელეფონში შენახული ნომრების სქრინშოტები. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს „ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის სახელი, გვარი და მობილური ტელეფონის ნომერი. “წესით, ეს ხელისუფლება უნდა მიცავდეს დე-ფაქტო ადმინისტრაციებისგან უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჰოდა, დამიცვას, რავიცი, ველოდები აგერ”, – წერს Facebook-ზე ნინო დალაქიშვილი.  

“ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ ჟურნალისტის პირადი მონაცემების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტით და მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად.

სპეციალური  საგამოძიებო სამსახური “ქუთაისიპოსტისგან”  ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს

2024 წლის 13 დეკემბერს,  ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტმა” მიიღო წერილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან, რომლითაც, უწყება ითხოვს იმ ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც 28 ნოემბერს, ქუთაისში, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ   აქციას აშუქებდნენ. 

გარდა ამისა, უწყება “ქუთაისიპოსტს” სთხოვს აცნობოს, სად ინახება აქციაზე გადაღებული ვიდეომასალა, მათ შორის, დაუმუშავებელი ვიდეოკადრები. 

როგორც გამოცემა წერს, მათთვის ბუნდოვანია ჟურნალისტების მონაცემების მოთხოვნის საჭიროება. “ქუთაისიპოსტმა” სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან დამატებითი განმარტებები მოითხოვა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური “ბათუმელებისგან” წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე წვდომას ითხოვს

2024 წლის 5 ნოემბერს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ონლაინგამოცემა „ბათუმელებისგან“ მოითხოვა წვდომა კონფიდენციალურ წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. აღნიშნული ინფორმაცია რედაქციამ წყაროსგან მოიპოვა, რის საფუძველზეც მოამზადა სტატია. სტატიის მიხედვით, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებდა ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. ეს მონაცემები მოიცავდა ინფორმაციას ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე იმის შესახებ, თუ ვის აძლევდნენ ისინი ხმას არჩევნებზე და სხვა დეტალებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მონაცემები, რომლებიც პარტიის ოფისში მუშავდებოდა, სავარაუდოდ, მოპოვებულია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან.

საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის აქვს უფლება მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას, მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.“

„ბათუმელებმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს შეატყობინა, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდებით დაირღვეოდა წყაროს კონფიდენციალურობა, რის გამოც ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია უწყებას.