პარლამენტთან აქციის მონაწილეების ჩხრეკა და შემოწმება გრძელდება

უკვე მეორე დღეა, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკს და ამოწმებს. სამართალდამცავების განმარტებით, აღნიშნული მოქმედებები უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და შეკრებისა და “მანიფესტაციების შესახებ” კანონის საფუძველზე ხორციელდება. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ზედაპირულ დათვალიერებაზე უარს განაცხადებს, მას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციაზე მისვლის უფლებას არ მისცემენ.

მოქალაქეების ინფორმაციით, შემოწმება ოქმის შედგენის გარეშე, ზეპირად ტარდება. ერთ-ერთმა მოქალაქემ მოითხოვა შესაბამისი ოქმის შედგენა, თუმცა სამართალდამცავებმა განუმარტეს, რომ ასეთ შემთხვევაში მას აქციის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ექნებოდა.

პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჩხრეკენ

12 მარტს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა და სამართალდამცავები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ამოწმებენ.

ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიცია ჩხრეკს ყველა იმ პირს, ვისაც ჩანთა აქვს. პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სამართალდამცავები მათ ყოველგვარი კონკრეტული საფუძვლისა და განმარტების გარეშე ამოწმებენ და ჩანთებში კარვებს ეძებენ, რათა აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მათი შეტანა ვერ შეძლონ.