მოსამართლემ ე.წ საბოტაჟის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დახურა

23 თებერვალს მოსამართლემ დახურა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო სხდომა ე.წ საბოტაჟის საქმეზე. 

ამ წამს მოსამართლემ დახურა სხდომა, მედიისთვისაც და არასამთავრობოს დამკვირვებლებისთვისაც, მხოლოდ იმიტომ რომ ადვოკატი ბექა ბასილაია ეუბნებოდა მოსამართლეს, გთხოვთ, ნუ აბრახუნებთ მაგ ჩაქუჩს წაღმა-უკუღმაო” – დაწერა იურისტმა თამთა კახიძემ.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებასა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავება.

აღსანიშავია, რომ შემზღუდავი კანონების გამო, მედია ისედაც შეფერხებით მუშაობს სასამართლო სხდომებზე. სხდომების სრულად დახურვა კი, ინფორმაციულ ვაკუუმს ქმნის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სხდომა დახურა მედიის იმ წარმომადგენლებისთვისაც, რომლებსაც გადაღების უფლება ჰქონდათ

2025 წლის 10 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 პირის სხდომა დახურა და დარბაზიდან მედიის წარმომადგენლები ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვა. აღსანიშნავია, რომ სხდომა დაატოვებინეს მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც გადაღების უფლება ჰქონდათ. 

ონლაინ გამოცემა “პუბლიკა” წერს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მოჰყვა დარბაზიდან გაკეთებულ კომენტარს, რომლის თანახმადაც, პროცესის მსვლელობის მანძილზე, პროცესის მონაწილეებს საჭმლის მიღების საშუალება არ ჰქონდათ. მიუხედავად ჟურნალისტების მოთხოვნისა, მოსამართლემ მხოლოდ გადაწყვეტილება გამოაცხადა, განმარტების გარეშე.

ბოლო პერიოდში სასამართლო დაუსაბუთებელ დაბრკოლებებს უქმნის მედიას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.