გამოცემა CNews-ის საიტი გათიშეს, თანამშრომლებს კი ოფისის კარი დაუკეტეს

2026 წლის 8 იანვარს, საინფორმაციო სააგენტო CNews-ის საიტი გაითიშა.  “გათიშულია დავალიანების გამო” – ეს წარწერა ჩნდებოდა საიტზე შესვლისას. იმავე დღეს, სააგენტოსა და  გაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ თანამშრომლებმა  (რომელთაც ერთი დამფუძნებელი ჰყავთ), ვერ შეძლეს რედაქციის შენობაში შესვლა, რადგან კარის საკეტი გამოცვლილი დახვდათ. 

გამოცემების დამფუძნებელმა ელისო კილაძემ მომხდარში მისი ყოფილი ბიზნეს- პარტნიორი დაადანაშაულა, იმ ბიზნეს-ცენტრის მფლობელი, რომელშიც რედაქციებია განთავსებული. მისი განმარტებით, საიტს არანაირი დავალიანება არ ჰქონდა, მისი გათიშვა კი თავისუფლად შეეძლო ყოფილ ბიზნეს-პარტნიორს, რომელსაც საიტზე წვდომა ჰქონდა.  ელისო კილაძემ შექმნილი პრობლემა ყოფილ ბიზნეს- პარტნიორთან უთანხმოებას დაუკავშირა და მის ანგარიშსწორებად შეაფასა. 

ორგანიზაციამ “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” შესაბამის უწყებებს მოუწოდა დროულად დაინტერესდნენ ამ შემთხვევით და “დაუყოვნებლივ უზრუნველყონ, რომ CNews და გაზეთის „ქრონიკა პლიუსის“ ჟურნალისტურ კოლექტივს მიეცეს წვდომა მათ სამუშაო სივრცეზე, არ დაზიანდეს მათი კუთვნილი კომპიუტერები და მათ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომა არ მიიღონ გარეშე პირებმა”.

“TV პირველის” ჟურნალისტის საცხოვრებელ სახლში  უცნობი პირები შეიჭრნენ

2024 წლის 24 მარტს, ოზურგეთში, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტის ნატო გოგელიას საცხოვრებელ სახლში  უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს.

ჟურნალისტი ფეისბუქ სტატუსში მიუთითებს, რომ მისი სახლი გასულ წელს არაერთხელ, კერძოდ კი ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ (31 იანვარს, 2 თებერვალს და 5 თებერვალს) – გაქურდეს და დაარბიეს.

გოგელიას თქმით, დამნაშავე დღემდე არ არის იდენტიფიცირებული. ჟურნალისტს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ის დაზარალებულადაც კი არ უცვნიათ. ნატო გოგელია ამ დანაშაულებს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განცხადება მედიის ადვოკატირების კოალიციამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გაავრცელეს და ხელისუფლებას ინციდენტის დაუყოვნებლივ  გამოძიებისკენ მოუწოდეს.