საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ტექნიკისა და ტექნოლოგიების ოპერატორების ჯგუფის სტუდიის ოპერატორს გივი ჩიმაკაძეს სოციალურ ქსელში განცხადების გავრცელების გამო საყვედური გამოუცხადა.
თინათინ ბერძენიშვილმა გივი ჩიმაკაძე „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების შესახებაც გააფრთხილა.
აღნიშნული ბრძანების შესახებ ინფორმაცია “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” სოციალური ქსელით გავრცელდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელს თინათინ ბერძენიშვილი აწერს, 11 თებერვლით თარიღდება.
2025 წელს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდან გაათავისუფლეს, არხის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები, მათ შორის, საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” ჟურნალისტი და წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, სოციალურ-პოლიტიკური გადაცემა “რეალური სივრცის” ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი და რეჟისორი კახა მელიქიძე. მელიქიძის წინააღმდეგ არხის ხელმძღვანელობა უარყოფითად მას შემდეგ განეწყო, რაც რეჟისორმა საჯაროდ ამხილა მაუწყებლის ხელმძღვანელობა. მელიქიძის თანახმად, ხელმძღვანელობა მას აიძულებდა ეროვნული ნაკრების საფეხბურთო თამაშების დროს ხშირად ეჩვენებინა “ქართული ოცნების” თანამდებობის პირები, მათ შორის ირაკლი კობახიძე.
22 იანვარს, კომუნიკაციების კომისიამ “რადიო მარნეული” გრანტის მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ რეპრესიული ცვილებიდან გამომდინარე მიიღო, რაც მედიასაშუალებებს უკრძალავს დონორი ორგანიზაციებისგან გრანტის მიღებას.
კომისიის განცხადებაში აღნიშულია, რომ მედიამ გრანტი “დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) მიიღო 32 542 ლარის ოდენობით.
„აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება“, – წერია განცხადებაში.
„რადიო მარნეულისთვის“ ეს რიგით მეორე გაფრთხილებაა.
პირველ შემთხვევაშია კომუნიკაციების კომისიამ მედია „დოიჩე ველესგან“ მიღებული გრანტის გამო გააფრთხილა.
“ქართული ოცნების” პარლამენტის მიერ მიღებული იყო მთელი რიგი რეპრესიული კანონები, მათ შორის 2025 წლის 1 აპრილიდან აიკრძალა მაუწყებლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსება “უცხოური ძალისგან”.
ცვლილებებმა მიღებისთანავე გახდა კრიტიკის ობიექტი სამოქალაქო სექტორის და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მხრიდან, კერძოდ, ნორმა შესაძლოა გახდეს ინსტრუმენტი დამოუკიდებელი მედიის ფინანსური და სარედაქციო თავისუფლების შესაზღუდად.
2025 წლის 9 ოქტომბერს, კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ წერილობით გააფრთხილა და მათ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.
კომისიის განცხადებით: „გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან დაფინანსება, ხოლო დაფინანსება ვერ ჯდება კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროდუქტის განთავსება პროგრამაში)”, კომისიამ მაუწყებლები კანონდამრღვევებად მიიჩნია.
ეს არის კანონის აღსრულების პირველი პრეცედენტი, რომელიც ეხება მაუწყებლობის შესახებ კანონში შესულ ახალი რეგულაციას, რომელიც 2025 წლის 1 აპრილიდან კრძალავს უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირ ან არაპირდაპირ დაფინანსებას. ცვლილებებმა მიღების დღიდან გამოიწვია საჯარო დისკუსია და კრიტიკა, კერძოდ, შეფასებები იმის შესახებ, რომ ახალი ნორმა შესაძლოა გახდეს ინსტრუმენტი დამოუკიდებელი მედიის ფინანსური და სარედაქციო თავისუფლების შესაზღუდად. სხდომის მიმდინარეობისას რადიომაუწყებელთა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული დაფინანსების გარეშე მათ შესაძლოა მაუწყებლობის შეჩერება მოუწიოთ.
2025 წლის 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “პუბლიკას” რეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმის განხილვა გაიმართა. ალექსანდრე ქეშელაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ; სასამართლომ მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ქეშელაშვილი პროევროპულ აქციას აშუქებდა გასული წლის 29 ნოემბერს, რა დროსაც ის პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ჟურნალისტი, იმავე ღამეს, მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სასაწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა; ქეშელაშვილს სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული.
“პუბლიკას” რეპორტიორმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დეკემბერში მიმართა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამოძიების მოთხოვნით. მიუხედევად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეში ქეშელაშვილი დაზარალებულად არის ცნობილი, სასამართლომ დღეს მაინც გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო ალექსანდრე ქეშელაშვილს სიტვიერი გაფრთხილება მისცა.
2025 წლის 12 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე “რადიო თავისუფლების” პროდიუსერს ბექა ბერაძეს სასამართლომ პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ბექა ბერაძე 2024 წლის 1 დეკემბერს თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციის დროს, ღამის საათებში, ინგოროყვას ქუჩაზე თანხმხლებ პირებთან ერთად დააკავეს, ის საგარეჯოს დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და 48 საათის გასვლის შემდეგ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების გარეშე გაათავისუფლეს. ბერაძეს სახეზე დაზიანებები ეტყობოდა, რაც როგორც “რადიო თავისუფლების” მასალიდან ირკვევა სპეცრაზმის წევრების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგია.
2025 წლის 12 მარტს ბექა ბერაძეს დაუკავშირდნენ პოლიციიდან და აცნობეს რომ ერთ საათში მისი სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, სამართალდამცავები მას პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ბერაძის განცხადებით, მას და მის ადვოკატს მხოლოდ ერთი საათი მიეცა დრო საქმის მასალების გასაცნობად.
2025 წლის 10 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა “მთავარი არხის” ოპერატორს სერგი ბარამიძეს, რომელზეც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცველებმა თავად იძალადეს.
სერგი ბარამიძე, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ძალის გამოყენებით გასული წლის 19 ნოემბერს დააკავეს. მოგვიანებით, იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
ამ ფაქტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატორს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ოქმში ჩაწერეს, რომ სერგი ბარამიძე 19 ნოემბერს, საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, იგინებოდა და უმისამართოდ ილანძღებოდა, პოლიციელებს პირის კანონიერ დაკავებაში ხელს უშლიდა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, აღნიშნული ქმედებები არ შეწყვიტა. მის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლების პირველი ნაწილით (პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა) აღძრეს.
10 თებერვალს გამართულ პროცესზე, მოსამართლემ ბარამიძის მიმართ წვრილმანი ხულიგნობის მუხლით (166-ე) დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა. თუმცა პოლიციისთვის ხელშეშლის ნაწილში (173-ე) სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.