სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ დაფიქსირებული ინციდენტები – 2024 წლის აპრილი

კონტექსტი

2024 წლის აპრილში ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ განხორციელებული უფლებადარღვევები მკვეთრად გააქტიურდა. აღნიშნული პერიოდი დაემთხვა ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახალ ინიცირებას, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი, უწყვეტი და ინტენსიური საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებით თბილისში.

აპრილის განმავლობაში დოკუმენტირებული ინციდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდებოდა მშვიდობიან შეკრებებს, საპროტესტო მსვლელობებსა და აქციებს. შემთხვევების უმრავლესობაში ფიგურირებდნენ სამართალდამცავი ორგანოები, რაც მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო სივრცის კონტროლისა და პროტესტის შეზღუდვის ტენდენციაზე. მონიტორინგის მონაცემები, რომელიც ეყრდნობა მედიაში გავრცელებულ კადრებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებს (იხ: სახალხო დამცველი (16-17 აპრილი); სახალხო დამცველი (30 აპრილი) ; საია (30 აპრილი) )  აჩვენებს, რომ აქტივისტების მიმართ გამოიყენებოდა როგორც ადმინისტრაციული, ისე ძალისმიერი ზომები, რაც რიგ შემთხვევებში გამოიხატა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში, ფიზიკურ ძალადობასა და ირიბ ზეწოლაში.

ინციდენტები

2024 წლის 7 აპრილს, აქტივისტებს, რომლებიც სიძულვილის შემცველ პოსტერებს მარჯანიშვილზე ხსნიდნენ,  „ქართული ოცნების“ პარტიულმა აქტივისტებმა ხელი შეუშალეს. სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილზე სამართლდამცველები გამოიძახეს, თუმცა პოლიციამ ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანა და მხოლოდ მომდევნო დღის დილით გამოუშვა. 

2024 15 აპრილს,  “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 14 მოქალაქე დააკავა.  აქციაზე დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა, ინფორმაცია დაადასტურა სახალხო დამცველის მოადგილე, ელენე ღუდუშაურმაც. ხოლო საიას განცხადებით, დაკავებულთა უმრავლესობას ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. შსს-ს ინფორმაციით, 14 დაკავებულიდან 4 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

2024 16–17 აპრილს, ე.წ.რუსული კანონის” წინააღმდეგ მიმდინარე აქციის დაშლისას, საპოლიციო ძალებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. სახალხო დამცველი ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ კადრებში იკვეთებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება.  მაგალითად, პოლიციელმა წააქცია და ფიზიკურად გაუსწორდა აქციის მონაწილე დიმიტრი ბერიძეს. ბერიძე კლინიკაში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად, ბერიძემ თავის ტვინის შერყევა მიიღო. ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალგაზრდა კაცი ჩიხში მოიმწყვდიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოქალაქის ინფორმაციით მას ნიღბიანები გამოეკიდნენ და ხელკეტი სახის არეში დაარტყეს. სამოქალაქო აქტივისტ მარიამ დოლიძეს სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტმა იდაყვის ტრავმა მიიღო და საჭირო გახდა ქირურგიული ოპერაციის ჩატარება. გარდა ამისა, პოლიციელებმა დააკავეს 18 ადამიანი. მათ შორის იყვნენ: გელა ხასაია, ლევან ჯობავა, სანდრო და გიგა ჯოხაძეები, ლევან ბუდაღაშვილი, თორნიკე მარუაშვილი, ისაკო დევიძე, გ.ბ, დ.გ და სხვები). აღნიშნულ ინციდენტში გამოიკვეთა ფიზიკური ძალადობის ნიშნებიც – დაკავებულებიდან 5 მოქალაქის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. ინფორმაცია დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმაც. დაკავებულების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს სახალხო დამცველიც თავის ანგარიშში

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ 16 აპრილს, საღამოს საათებში ე.წ. “რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, რა დროსაც სამართალდამცავების მხრიდან მომიტინგეთა არაძალადობრივი მიახლოების შემთხვევაშიც ხდებოდა ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება. ასევე გამოიკვეთა მშვიდობიან მონაწილეებზე დადევნების შემთხვევები, ტერიტორიის დატოვების იძულების მიზნით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ქმედებები ცალსახად წარმოადგენს შეკრების თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ “შეკრების თავისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი შეკრების ადგილმდებარეობის არჩევის თავისუფლებაა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ადგილი/დაწესებულება პროტესტის ობიექტია ან კონკრეტულ ლოკაციაზე შეხედულებების გამოხატვა ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა აზრისა თუ პროტესტის ადრესატამდე მისაღწევად”. 

2024 წლის 18 აპრილს, ე.წ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ აქტივისტები: ნიკო მანაგაძე, ტიტე გედენიძე, ბექა პაპაშვილი, ცოტნე ჯაფარიძე და იგორ ნარმანია გამოკითხვაზე დაიბარა. 

2024 წლის 19 აპრილს – სამოქალაქო აქტივისტ ნიკო მანაგაძეს საცხოვრებელ სახლთან ნიღბიანები ჩაუსაფრდნენ. როგორც კი ნიღბიანებმა “TV პირველის” გადამღები ჯგუფი შენიშნეს, ტერიტორია დატოვეს. ნიკო მანაგაძე ეჭვობდა, რომ უცნობი პირები მის სახლთან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის იყვნენ მისულები.

2024 წლის 20 აპრილს,  ე.წ “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე აქტივისტს, ნიკო მანაგაძეს უნივერსიტეტთან ფიზიკურად, სავარაუდოდ, “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქტივისტს, ჯერ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დაცვამ ჰკრა ხელი, შემდეგ კი მასზე ათამდე ახალგაზრდამ ფიზიკურად იძალადა.

2024 წლის 22 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტი, მასწავლებელი და საბავშვო ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი მიხეილ მუმლაძე ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან მაშინ დააკავეს, როდესაც თეატრში ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტებს განიხილავდნენ. მიხეილ მუმლაძემ განხილვის დაწყების დროს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე არ უშვებდნენ და მამუკა მდინარაძეს მიმართა, რომ შენობაში შეეშვათ.

2024 წლის 29 აპრილს, ე.წ. “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს ალექსი პეტრიაშვილი. პოლიცია მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

2024 წლის 30 აპრილს, გადაუდებელ დავალებათა დეპარატმენტის (გდდ) სპეციალური დანიშნულების რაზმმა ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაშალა.  სახალხო დამცველის განცხადებით, 2024 წლის 30 აპრილის ღამეს და 1 მაისს მთელი დღის მანძილზე სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა 49 პირი მოინახულეს. მათგან, 47 ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის, ზუგდიდის, თელავის, დუშეთის, მცხეთის, გორის, ხაშურის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. 31 პირი მიუთითებდა პოლიციის/სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე/არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე. უმრავლესობას აღენიშნებოდა დაზიანებები. 31-დან 19 ითხოვდა რეაგირებას. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე პოლიციამ კორდონში მოაქცია და დააკავა აქტივისტი გიორგი დუმბაძე, რომელიც “TV პირველს” ინტერვიუს აძლევდა და ამბობდა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტდა. სპეციალური დანიშნულების რაზმი ასევე ფიზიკურად გაუსწორდა გელა ნადირაძე, რომელმაც დაზიანებები მიიღო.  

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ანგარიშის თანახმად, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის წიწაკის სპრეი, რომელიც ახლო მანძილიდან იქნა გაშვებული და გაზის კაფსულები. საია აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეტოვებინათ ტერიტორია, რადგან “საპოლიციო ძალებს შეკრებილები ალყაში ჰყავდათ მოქცეული.”

ანგარიშის მიხედვით, მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ასევე დაფიქსირდა მოქალაქეების, მათ შორის ქალების, მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები და პარალელურად განხორციელდა ადმინისტრაციული დაკავებები. 

30 აპრილის საპროტესტო აქცია შეაფასა სახალხო დამცველმაც. სახალხო დამცველის შეფასებით, სამართალდამცავთა მიერ გამოყენებული ძალა რიგ შემთხვევებში აუცილებლობისა და პროპორციულობის სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა. ომბუდსმენის განცხადებით, აქციის მონაწილეების მიმართ წიწაკის სპრეი და სხვა სპეციალური საშუალებები, მათ შორის ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაფრთხილების გაცემის დროსაც და მის შემდეგაც აქცია მშვიდობიან ხასიათს ინარჩუნებდა, რის გამოც შეკრების შეწყვეტისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობდა.