გადაღების აკრძალვა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, უბნიდან გამოძევება, თვალთვალი – ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ აჭარაში სხვადასხვა საარჩევნო უბანზე

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, მძიმე სამუშაო გარემო იყო ჟურნალისტებისთვის აჭარაშიც, ბათუმის საარჩევნო უბნებზე

  • ბათუმის მე-5 საარჩევნო უბანთან მობილიზებულმა “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა, “TV პირველის” გადამღებ ჯგუფს – ჟურნალისტ თეონა დოლენჯაშვილს, და ოპერატორ ნიკო კოკაიას მუშაობაში ხელიშეუშალეს. დოლენჯაშვილი, რომელიც კითხვების დასასმელად მათ მიკროავტობუსში ავიდა, ჯერ კარი ჩაუკეტეს და გარეთ არ უშვებდნენ, შემედგ ერთ-ერთი კოორდინატორი ციხეში გაშვებით დაემუქრა.
  • „მთავარი არხისა“ ჟურნალისტს და ოპერატორს თეა ვაშალომიძეს და ბაჩანა ოქროპირიძეს, ასევე  „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს, თამარ თედიაშვილს და ლერი როგავას ბათუმის მე-17 საარჩევნო უბანზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. სავარაუდოდ, „ქართული ოცნებასთან“  დაკავშირებულმა პირებმა, რომლებიც უბანთან იყვნენ მობილიზებულები, ჟურნალისტებს პროვოკატორები უწოდეს და უთხრეს, რომ „სიტუაციის არევისთვის“ იყვნენ მისულები.
  • „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე #42 და #79 საარჩევნო უბნებთან უცნობი პირების, ნიღბიანი ბიჭების დიდი ჯგუფის მობილიზება შეინიშნებოდა, რომლებმაც ადგილზე მისულ „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს. ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს (გავრცელებულ ვიდეოში ჩანს), „მთავარი არხის“ კორესპონდენტი აჭარაში, თეა ვაშალომიძეა.
  • გაზეთ “ბათუმელების” რედაქტორის ეთერ თურაძის განცხადებით მას და მისი რედაქციის 7 ჟურნალისტს საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცეში საქმიანობაში ხელი შეუშალეს. მისი განცხადებით, ჟურნალისტებს ადამიანები ყავდათ მიჩენილი, რომ საარჩევნო პროცესი და  ამ პროცესში დარღვევები ვერ გადაეღოთ: ევა ართმელაძეს გადაღების საშუალება არ მისცეს დაბა ხულოს ერთ-ერთ უბანზე.  ბათუმის ერთ-ერთ საარჩევნო უნაბთან მობილიზებული ე.წ. „შპანა“ გადაღების საშუალებას არ აძლევდა ჟურნალისტ ცაგო კახაბერიძესაც. მუშაობის დროს ტელეფონის წართმევაც სცადეს, რის გამოც იძულებული გახდა გადაღება შეეწყვიტა. ეთერ თურაძის თქმით, მას პროფესიულ საქმიანობაში ხელი ბათუმის 72-ე უბანთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ე.წ. „შპანამ“ შეუშალა. „ბათუმელების“ რედაქტორს პოლიციის გამოძახებაც დასჭირდა. თურაძის თქმით, 10-მდე პირი სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. თურაძეს პროფესიული საქმიანობის დროს პრობლემა შეექმნა ბათუმის 52-ე და 81-ე უბნებთანაც (ორივე უბანი ერთ სკოლაში იყო განთავსებული), სადაც აგრესიულად მოითხოვდნენ, რომ მას კამერა გამოერთო. ქუთაისისა და ბათუმის სხვადასხვა უბნებზე პროფესიულ საქმიანობაში ასევე ხელი შეუშალეს „ბათუმელების“ ჟურნალისტებს: მანანა ქველიაშვილს, ლელა დუმბაძეს, არჩილ კახაძეს და თედო ჯორბენაძეს.

“TV პირველის” ჟურნალისტებს დაუდგენელი პირები უთვალთვალებდნენ

2024 წლის 9 მაისს ღამით და 10 მაისს გამთენიისას, დაუდგენელი ნიღბიანი პირები ჟურნალისტებსა და მათ რესპონდენტებს უთვალთვალებდნენ “ტელეკომპანია პირველის“ შენობასთან. ტელეკომპანიის მენეჯმენტის აზრით, იყო იმის საფრთხეც, რომ ნიღბიანი პირები შენობაში შეჭრილიყვნენ.

ტელეკომპანიის ეთერში, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე პირდაპირი ეთერის საშუალებით ყვებოდა იმის შესახებ, რომ ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია, თუმცა სამართალდამცველები არ გამოჩენილან. ნოდარ მელაძის თქმით, 9 მაისის ღამეს, როდესაც უცნობი პირები უთვალთვალებდნენ ტელეკომპანიის ეზოში, რამდენიმე ჯგუფი გადაღებაზე იყო გასული. მისი თქმით, ეს პირები ჟურნალისტებისთვის დამაბრკოლებელი გარემოება იყო. 

უცნობმა პირებმა საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც კამერების ობიექტივში მოხვდნენ, ტერიტორია დატოვეს. საპატრულო პოლიცია კი, ადგილზე არ გამოჩენილა.