12 იანვარს, კახა კალაძემ საჯარო კომენტარის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია TV პირველის ჟურნალისტს. ინციდენტი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას მოჰყვა, რომელიც ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილად მონიშნული გემის ყულევის პორტში ყოფნასა და ქვეყნისათვის მეორადი სანქციების დაწესების საფრთხეს უკავშირდებოდა.
მერის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე შეიცავდა შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მათ შორის ჟურნალისტის მიმართ ბრალდებებს სიცრუესა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. მიუხედავად ჟურნალისტის მცდელობისა მიეღო სერიოზული პასუხები და შესაბამისი მტკიცებულებები, კალაძე კვლავ აგრძელებდა შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებას.
მსგავსი რიტორიკა კრიტიკული მედიების მიმართ სისტემურ ხასიათისაა და რეგულარულად გამოიყენება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან, რაც არსებითად აზიანებს ჟურნალისტური საქმიანობის გარემოს, განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საკითხების გაშუქებისას.