2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან, ე.წ. რეორგანიზაციის მოტივით, 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის, ხუთი ჟურნალისტია -გადაცემა “სათქმელის” წამყვანი ირინა ყურუა, რადიოს საინფორმაციო გამოშვების უფროსი მაია მერკვილაძე, ჟურნალისტები თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე. ელექტრონული წერილები სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მათ ერთდროულად, 2 ივნისს მიიღეს. წერილებში ნათქვამია, რომ მათი შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა ტელევიზიაში გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში.
ირინა ყურუა, გამოცემა “ბათუმელებთან” ინტერვიუში მის გათავისუფლებას ტელევიზიაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობას უკავშირებს: “არანაირი არგუმენტი არ მომისმენია, თუ რატომ შემიწყვიტეს გადაცემა. უბრალოდ, მეილში ეწერა, რომ ოპტიმიზაციის შედეგად შემუშავებულ ახალ ბადეში გადაცემა – „სათქმელის“ ადგილი ვერ მოიძებნა. მე ასე ვფიქრობ, რომ არ უნდათ კრიტიკული აზრი ისმოდეს ტელევიზიიდან, რადგან ამ გადაცემიდან მაყურებელი ისმენდა განსხვავებულ და კრიტიკულ აზრებს”. ‘
მაია მერკვილაძეც მის გათავისუფლებას, ხელისუფლებისადმი მის კრიტიკულ დამოკიდებულებას უკავშირებს: “მე დირექტორის არგუმენტები მაინტერესებს თორემ, მე მაქვს ჩემი არგუმენტები და ვიცი, რატომ შეიძლება შეეწყვიტათ ჩემთან თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბოლო დროს არ ვიყავი საკმარისად აქტიური, მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ“.
მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცების შეფასებით, ჟურნალისტების გათავისუფლება კრიტიკული აზრის ჩახშობის მცდელობაზე მიანიშნებს “ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ და ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელში დამოუკიდებელ ხმებს ავიწროებენ. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მიუთითებს მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ შესუსტებასა და მაუწყებლის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევაზე”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
“გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება”, – ნათქვამია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” განცხადებაში.
აჭარის ტელევიზიის მსგავსად, კრიტიკული ჟურნალისტების გათვისუფლება პრაქტიკად იქცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეც. ბოლო წლინახევრის განმავლობაში, მენეჯმენტმა პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი არაერთი ჟურნალისტი გაათავისუფლა სამსახურიდან, ან მათ წინააღმდეგ სხვადასხვა სადამსჯელო ზომა გამოიყენა.