04-09-2025
თბილისი
არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები გამოკითხვაზე დაიბარეს

წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომელთა შორის არიან  მედიის საკითხებზე მომუშავე “მედიის ადვოკატირების კოალიციის” წევრი ორგანიზაციებიც, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვა უკავშირდება ე.წ. “პირბადეების საქმეს”, რომელზეც პროკურატურამ 2025 წლის თებერვალში დაიწყო გამოძიება “საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის და სხვა მსგავსი დანაშაულების ირგვლივ”. ორგანიზაციების შეფასებით, ეს გამოძიება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის დევნას, შევიწროებასა და განადგურებას.

საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოკითხვაზე დაბარებულთა შორის არიან: „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ხელმძღვანელი – თამთა მიქელაძე,  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ყოფილი და მოქმედი დირექტორები, ნინო დოლიძე და ლევან ნატროშვილი, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი – გიორგი მშვენიერაძე, ორგანიზაცია “საფარის” დირექტორი ბაია პატარაია და “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. მათ სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ გამოკითხვას მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის წინაშე დათანხმდებიან. ყველა მათგანი უკვე გამოიკითხა სასამართლოში. 

შეგახსენებთ, ამავე საქმის ფარგლებში, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, 2025 წლის 27 აგვისტოს ყადაღა დაედო  შვიდი ორგანიზაციის ანგარიშს: “მედია ადვოკატირების კოალიციის” წევრებს – “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, ISFED, IDFI, GDI, ასევე, ადამიანის უფლებებსა და კორუფციაზე მომუშავე ორგანიზაციებს – „დემოკრატიის მცველები“, „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

Share
04-09-2025
4
დაკითხვა | სამართლებრივი დევნა
ადმინისტრაციული ორგანო
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი