30 სექტემბერს ბერა ივანიშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ის მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს ცილისწამების მოტივით.
“სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება… “ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ” – წერს ბერა ივანიშვილი.
ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ უჩივლებს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ქოლცენტრების მფარველობაში ადანაშაულებენ მას.
“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, შვილმა ადვოკატს უკვე მიმართა. ადვოკატმა დავით ასათიანმა კი, ტელეკომპანია “იმედთან” გაკეთებულ კომენტარში განაცხადა: “…ჩვენი სარჩელის ადრესატები იქნებიან რამდენიმე მედიასაშუალება, კონკრეტული პირები, რომლებიც ავრცელებენ ამ ცილისწამებას და მტკიცებით ფორმაში ფაქტებს, რომლებსაც რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია”.
ბერა ივანიშვილი
ტვ იმედი