3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ტელეკომპანიების „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ. საუბარია ტელეკომპანიების შაბათის ეთერებში, სექტემბრის ბოლოს გასულ ორ სიუჟეტზე, რომლებიც ეხებოდა კრიმინალურ გარჩევებთან ბერა ივანიშვილის კავშირსა და მონაწილეობას. ეს სიუჟეტები ეხებოდა ძმები ფეიქრიშვილების დაკავების საქმეს, რომლებიცფულის გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებული.
ივანიშვილის ადვოკატის დავით ასათიანის განმარტებით, ტელეკომპანიების სიუჟეტებში გაჟღერებული ინფორმაცია ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით, სიცრუეზეა დაფუძნებული. შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს, აღნიშნული ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას.
მედიის ადვოკატირების კოალიციის შეფასებით, აღნიშნული სამართლებრივი ნაბიჯები ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართული სისტემური ზეწოლის პოლიტიკის გაგრძელებაა. “ეს საჩივრები თავისი არსით აშკარად ატარებს სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ სტრატეგიული სარჩელების (SLAPP) ხასიათს და მათი გამოყენება არ ემსახურება რეპუტაციის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს, პირიქით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიერ სახელმწიფო უწყებებზე, მათ შორის სასამართლოზე, საკუთარი ზეგავლენის გამოყენება დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლად”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბერა ივანიშვლმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ ის მედიის წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვას აპირებდა ცილისწამების გამო.