უკან დაბრუნება
GE/EN
27-09-2026
თბილისი
„მონიტორის“ დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა „ქართული ოცნების“ წევრებისა და პროსამთავრობო მედიის მხრიდან

საგამოძიებო მედია „მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ  ჟურნალისტურ გამოძიებას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის – ვანო ჩხარტიშვილის მხრიდან მადისკრედიტებელი განცხადებები მოჰყვა, რაც პროსახელისუფლებო მედიამ კამპანიურად გაავრცელა. 

საქმე ეხება 25 სექტემბერს “მონიტორის” მიერ მომზადებულ მასალას ესტონელ ბიზნესმენზე, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში მიმდინარეობდა გამოძიება და სასამართლო პროცესები. მისი შინდისში არსებული ქონება მანამდე იყო დაყადაღებული, სანამ მიწის დიდ ნაწილს ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იყიდდა. ამავე გამოძიებაში საუბარია, შინდისში მიმდინარე მშენებლობაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის.

ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც „დაკვეთილ სიუჟეტსა“ და მისი დისკრედიტაციის მცდელობაზე საუბრობს. მისივე თქმით, სიუჟეტი “კონსპირაციებზეა” აგებული.

„იმედი მაქვს, აღნიშნული საკითხით დაინტერესდება ობიექტური მედია, დასვამს ობიექტურ კითხვებს, გააკეთებს ობიექტურ ანალიზს და საზოგადოება არ დარჩება სტუდია „მონიტორის“ მიერ მომზადებული მიკერძოებული და დეზინფორმაციული ინფორმაციის პირისპირ“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

ვანო ჩხარტიშვილის განცხადება ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა და „პოსტვ-იმ“ ჯამში 9-ჯერ გაავრცელეს. აქედან, წერილი 5-ჯერ გამოქვეყნდა ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუკგვერდზე, 2-ჯერ  „რუსთავი 2“-ის და 2-ჯერ  „პოსტვ-ის“ მიერ.

განცხადების გამოქვეყნებით არ დასრულებულა “მონიტორის” წინაღმდეგ კამპანიური შეტევა. 

“იმედმა” და “პოსტვ”-იმ ვრცელი სიუჟეტები მიუძღვნეს “მონიტორის” მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას. ხოლო, მოგვიანებით ამ სიუჟეტიდან ამოჭრილი ნაწყვეტები სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ “იმედმა” “პოსტივიმ” და “რუსთავი 2-მა” საგამოძიებო მედიის წინააღმდეგ სამ დღეში 14 მასალა გაავრცელა.

“იმედი” “სტუდია „მონიტორს” უცხოურ გრანტებზე დამოკიდებული ორგანიზაციას” უწოდებს.

სიუჟეტებში კომენტარს აკეთებს ირაკლი კობახიძე და “მონიტორს” “უცხოურ აგენტურაში” ადანაშაულებს. 

შალვა პაპუაშვილმა კი, თქვა რომ “სტუდია მონიტორი იმ ჯგუფის წევრია, რომელიც ზოგადად საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს”.

“სიკეთეზე წერა მათ არ შეუძლიათ, ბინძური დაკვეთების კეთება ურჩევნიათ”  ასე აღწერს პოსტვ “მონიტორის” საგამოძიებო საქმიანობას და “მონიტორის” სიუჟეტს “მორიგ Fake-ს უწოდებს”.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დამოუკიდებელი საგამოძიებო გუნდი “მონიტორი” “ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებისა თუ მათთან დაახლოებული მედიის მხრიდან კოორდინირებული დისკრედიტაციის კამპანიის სამიზნე ხდება. 

Share
27-09-2026
1
1
ორგანიზაცია: 1
ვერბალური თავდასხმა→დისკრედიტაცია (1)
პროსამთავრობო "POSTV" | პროსამთავრობო "რუსთავი 2" | პროსამთავრობო “იმედი”
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი