2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის საარჩევნო უბნებზე მომუშავე “Aliq Media”-ს ჟურნალისტებს არაერთხელ შეუშალეს ხელი.
„Aliq Media-ს“ 4 წარმომადგენელს მუშაობაში ხელი შეეშალა კულიკამის (ახალქალაქი) საარჩევნო უბნებზე. რედაქციის ინფორმაციით, „Aliq Media“ რეპუტაციის შელახვის მიზნით, ადგილზე მობილიზებული პირები იქვე მყოფ ამომრჩევლებს, ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებს ეუბნებოდნენ, რომ „Aliq Media“ დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია იყო და „კანონს არღვევდა“.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა საარჩევნო უბნებთან აღმოჩენილი დარღვევების შესახებ facebook-ის გვერდზე დაწერეს, უცნობმა პირებმა ჟურნალისტს დაურეკეს და აღნიშნული მასალების წაშლა მოსთხოვეს. რედაქციის თქმით, ჟურნალისტთან რამდენჯერმე დარეკეს და ტონი მუქარასაც შეიცავდა. „ალიქ მედია“ ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით, მათ სახელებსა და გვარებს არ ასაჯაროვებს.