26-10-2024
თბილისი
ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლის შემთხვევები თბილისის საარჩევნო უბნებზე
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. საპარლამენტო არჩევნების გაშუქების პროცესში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჟურნალისტებისთვის არასახარბიელო სამუშაო გარემო იყო შექმნილი. დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მრავალი შემთხვევა, მათ შორის, შეურაცხყოფის, ფიზიკური ანგარიშსწორების, ტექნიკის დაზიანების და თავისუფლების დროებით აღკვეთის შემთხვევებიც.
თბილისის საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები:
- ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტებს მინდია გაბაძეს და შაკო ბრეგაძეს თბილისში, გლდანის რაიონში, 59-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გამოცემის მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ საარჩევნო უბანთან მობილიზებული პირები ჟურნალისტს აგინებენ და შეურაცხმყოფელ ჟესტებს უჩვენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის მათ გადაღებას ცდილობს და იქ ყოფნის მიზეზებს ეკითხება;
- გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე შეურაცხყოფის ადრესატი გახდა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თამუნა ჩქარეული. დაუდგენელი პირებიდან ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია;
- “TV პირველის” ოპერატორს პაატა ხაჩიძეს თბილისში, ისნის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან კერძო პირები ზურგიდან დაესხნენ თავს. შემთხვევა მოხდა მაშინ, როდესაც გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია რა მიზნით იყვნენ შეკრებილი უცნობი პირები უბნების სიახლოვეს.თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტელევიზიის ტექნიკა. ვიდეომასალაში, რომელიც რედაქციამ გაავრცელა, ჩანს, რომ კამერის ნაწილები ძირს არის მიმოფანტული;
- ტელეკომპანია “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი და ოპერატორი დავით ბადაგაძე, ასევე “TV პირველის” გადამღებ ჯგუფი – ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი და ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე, 38-ე საარჩევნო უბნიდან გააძევეს. მოგვიანებით, როდესაც საარჩევნო უბანთან მობილიზებულ მოქალაქეებს კითხვებს უსვამდნენ, მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად შეეხებაც სცადა;
- ისნის მე-9 საარჩევნო უბანზე დაუპირისპირდნენ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს. ჟურნალისტ ნუცა ბახუტაშვილის თქმით, მას და მის ოპერატორს, გიგა აღდგომელაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;
- „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, რაფო მესხიძეს თბილისში, მე-9 ოლქის მე-3 უბანზე „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა პირებმა ტელეფონი წაართვეს;
- გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ნინა მაჩაბელს და ოპერატორს, გიორგი ჩანტლაძეს;
- გლდანის მე-60 საარჩევნო უბანთან მუშაობის დროს ხელი შეეშალა „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფსაც, მაკა ანდრონიკაშვილსა და გიორგი შეწირულს. ჟურნალისტის თქმით, მათ უბნიდან გაძევებით ემუქრებოდნენ, ხელშეშლის პროცესში კი ჩართულნი იყვნენ როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენლები, ისე „ქართული ოცნების“ დამკვირვებლები;
- სხვადასხვა საარჩევნო უბანზე პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „OC მედიას“ 6 წარმომადგენელს: ჰერმინე ვირაბიანს, რაფიგ შაბაზოვს, თეკლა ჩხაიძეს, ზეინაბ ისგანდაროვას, აითან ფარადოვას. კიდევ ერთი წარმომადგენლის, ქრისტინა კვაჭანტირაძის მშობლებს კი, როგორც ჟურნალისტი ამბობს, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, გიორგი მგელაძემ დაურეკა და მოსთხოვა, რომ ქრისტინას გადაღებულ ვიდეოში ადამიანების სახეები დაეფარა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მამა ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე იყო.
26-10-2024
21
გადაღების აკრძალვა | დაშინება/მუქარა | ვერბალური თავდასხმა | თავდასხმა საკუთრებაზე | მუშაობაში ხელშეშლა | საარჩევნო უბნიდან გაძევება | სიტყვიერი შეურაცხყოფა | ტექნიკის დაზიანება | ტექნიკის ჩამორთმევა | ფიზიკური ძალადობა
ადმინისტრაციული ორგანო | კერძო პირი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
თბილისი