06-05-2026
თბილისი
ჟურნალისტი გურამ როგავა პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

6 მაისს, პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს ჟურნალისტი გურამ როგავა. 

„ხვალ, თბილისის დროით 12:00 საათზე გამომკითხავენ“ – დაწერა გურამ როგავამ სოციალურ ქსელში. 

პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ელისო ჯარიაშვილიც. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვა მოთხოვნილია მისი “ფორმულას” ეთერში გასული სიუჟეტიდან გამომდინარე. კერძოდ, ჯარიაშვილმა საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის შესახებ, რომელიც 2024 წლის ნოემბრის მასობრივი აქციების დროს მოხდა. “ფორმულამ” სავარაუდოდ გაარკვია თავდამსხმელის ვინაობა. ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა გაამხილა.

2024 წლის 29 ნოემბერს, ნიღბიანმა სამართალდამცავმა გურამ როგავაზე მაშინ იძალადა, როდესაც იგი აქციას პირდაპირ ეთერში აშუქებდა.  

გურამ როგავა დაზარალებულად მალევე ცნეს, თუმცა გამოძიებას თავდამსხმელი არ დაუდგენია. 

“ფორმულას” ეთერში სიუჟეტის გასვლის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ სამ თანამშრომელს – მათგან ერთი ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. მათ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.

Share
06-05-2026
1
1
კაცი: 1
დაკითხვა | სამართლებრივი ინციდენტები
ადმინისტრაციული ორგანო | პროკურატურა
თბილისი