2025 წლის 3 ივნისს, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ “TV პირველის” ოპერატორს, სერგი ბარამიძეს.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ოპერატორი კადრებს იღებს, რა დროსაც მასთან მიდის, სავარაუდოდ, დეპარტამენტის დაცვის თანამშრომელი და ცდილობს, ძალის გამოყენებით გაიყვანოს ადგილიდან. უნდა აღინიშნოს, რომ “TV პირველის” გადამღები ჯგუფი არა გდდ-ს ბაზაზე, არამედ გარე პერიმეტრზე იმყოფებოდა. ჟურნალისტ ნანუკა ქაჯაიას თქმით, ოპერატორზე თავდასხმა მოჰყვა კითხვას, რომელიც გდდ-ის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას” შეეხებოდა. “TV პირველის” გადამღები ჯგუფი ცდილობდა გაერკვია, ეხებოდა თუ არა ზვიად ხარაზიშვილს საკადრო ცვლილებები, რომლებიც შსს-ში ახალი მინისტრის – გელა გელაძის მისვლის შემდეგ მიმდინარეობს.