ჟურნალისტები გიორგი ახალკაცი (“ქართლის ამბები”) და ლადო ბიჭაშვილი (ტელეკომპანია “ფორმულა”), რომელთაც შიდა ქართლში, გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტი გადაიღეს, პროკურატურაში, გამოკითხვაზე დაიბარეს. ჟურნალისტებმა, საგამოძიებო უწყებაში, რამდენიმე საათი გაატარეს.
27 მაისს, გორში, კომბინატის დასახლებაში, ათამდე პოლიციელი დაკავებისას სასტიკად გაუსწორდა ორ ადგილობრივ მოქალაქეს. ჟურნალისტებმა ცემის კადრები საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადაიღეს, ისინი, სრულიად შემთხვევით შეესწრენ მომხდარს. ვიდეომასალის საჯარო ქსელებში გავრცელებას, დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა და სამართალდამცავი უწყება იძულებული გახდა, მომხდარზე გამოძიება დაეწყო.
პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან, ძალადობით, უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების მუხლით დაიწყო. 28 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ მომხდარზე ექვსი სამართალდამცველი დააკავეს.