19 მარტს, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია “ფორმულას” სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანისთვის 10,000 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. სარჩელით აგრეთვე მოთხოვნილია, “შაბათის ფორმულას“ ეთერით „არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ უარყოფაც.
“მედიაჩეკერის” ინფორმაციით, სარჩელი ეხება ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გასულ ორ სიუჟეტს, 2025 წლის 20 დეკემბერს და 2026 წლის 17 იანვარს. 20 დეკემბერს გასული სიუჟეტი “ბოდიშიდან-შენდობამდე“, „ოცნების“ მთავარი იდეოლოგის კინო – რაში უხდიან გოგა ხაინდრავას მილიონს” ეხება თაღლითურ ქოლ-ცენტრს. ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით თაღლითური სქემის უკან გოგა ხაინდრავა დგას. 17 იანვრის სიუჟეტი “ოცნების პროპაგანდისტად ქცეული რეჟისორი – შემოჰყავდა თუ არა ფულის სანაცვლოდ გოგა ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში” გოგა ხაინდრავას მიერ, საქართველოში ფულის სანაცვლოდ ინდოელების და პაკისტანის მოქალაქეების შემოყვანას ეხება.
გოგა ხაინდრავა ორივე სიუჟეტს ცრუ ინფორმაციას და ცილისმწამებლურს უწოდებს.
აღსანიშნავია, რომ გოგა ხაინდრავას შესახებ მომზადებული სიუჟეტების ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო მისთვის უცნობი პირისგან.