„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეჟისორი გოგა ხაინდარავა საქართველოს პროკურატურას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, დაინტერესდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მის შესახებ გასული სიუჟეტით.
საუბარია მასალაზე, რომელიც „ფორმულას“ ეთერში 2026 წლის 17 იანვარს გავიდა. მასში ნათქვამია, რომ 2016-2017 წლებში გოგა ხაინდრავას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საქართველოში ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები შემოჰყავდა.
„სიუჟეტში გაჟღერებული იყო, რომ მე, სუს-თან შეთანხმებით, წინასწარი განზრახვით ჩავიდინე უმძიმესი დანაშაული. ეს ჩემთვის სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი დანაშაულია. ქვეყნის ღალატია, როცა ქრთამის სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოგყავს პოტენციური დამნაშავეები. ამიტომ, გარდა იმისა, რომ სარჩელი შევიტანე სასამართლოში, მივმართავ პროკურატურას და ვთხოვ, ჩაატაროს გამოძიება საკითხზე, რათა დადგენილი იყოს, ვინ არის დამნაშავე, მე, სუს-ი, საზღვრის დაცვის პოლიცია თუ შპს „სიცრუის ფორმულა“,- განაცხადა ხაინდრავამ პრესკონფერენციაზე.
მიმდინარე წლის იანვარში, ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ, გოგა ხაინდრავამ დაანონსა, რომ ის „ფორმულას“ სასამართლოს მიმართავდა. .აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა დავით ქაშიაშვილმა მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო მისთვის უცნობი პირისგან. მუქარის ავტორი ჟურნალისტს სწერდა: “პატარა ქალაქია თბილისი…. თავს გაუფრთხილდი ჯიგარო”. დავით ქაშიაშვილმა აღნიშნულის შესახებ თავად განაცხადა გადაცემის პირდაპირ ეთერში და ამ გზით საქმის კურსში ჩააყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.