04-03-2026
თბილისი
პროსამთავრობო არხები “იმედი”, “რუსთავი 2” და “POSTV” დამოუკიდებელი ონლაინ მედიის დისკრედიტაციას და სტიგმატიზებას ახდენენ

პროსამთავრობო ტელევიზიები –  “იმედი”, “რუსთავი 2” და “POSTV”   დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემებს – “ნეტგაზეთს”, “პუბლიკასა” და “On.ge”-ს ანტიქართულ მედიებად მოიხსენიებენ და მათ დისკრედიტაციასა და სტიგმატიზებას ახდენენ იმის გამო, რომ აღნიშნული მედიები მაღალჩინოსნებს “ქართული ოცნების” პრემიერად და მინისტრად იხსენიებენ.

სამივე არხს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული აქვს თითქმის იდენტური ტექსტი, რომელსაც თან ერთვის ონლაინ მედიების მიერ საქართველოში სომხეთის პრემიერ – მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტის შესახებ მომზადებული ტექსტიდან მოკლე სქრინშოთი.

“უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ეგრეთწოდებული ონლაინ მედიები ნიკოლ ფაშინიანს პრემიერ მინისტრად, ხოლო ირაკლი კობახიძეს და მაკა ბოჭორიშვილს “ქართული ოცნების” პრემიერად და მინისტრად მოიხსენიებენ”,ამ ტექსტით “რუსთავი 2” ონლაინ მედიებს “ეგრეთ წოდებულ” მედიებს უწოდებს. ონლაინ მედიებს ბრჭყალებში სვამს POSTV-იც – “უცხოეთიდან დაფინანსებული “ონლაინ მედიის” ანტიქართული პოლიტიკა: გამოცემები ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერ-მინისტრად მოიხსენიებენ, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს, “ქართული ოცნების” პრემიერად და მინისტრად”. “იმედი” კი, კიდევ უფრო შორს მიდის და აღნიშნულ გამოცემებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს უწოდებს: “საქართველოში არსებული ანტიქართული ონლაინ “მედიების” მორიგი ანტიქართული ქმედება – ჰიბრიდული ომის სამივე ინსტრუმენტი ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის პრემიერად, ხოლო ირაკლი კობახიძეს და მაკა ბოჭორიშვილს “ქართული ოცნების” პრემიერად და მინისტრად მოიხსენიებენ”. 

აღსანიშნავია, რომ ეს ვიზუალური მასალა, სამივე არხმა, თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა იმ დღეს, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც  – “ქართული ოცნების” სისტემური არაღიარება” სისხლის სამართლის დანაშაული გახდა. 

Share
04-03-2026
3
Denial of access to a public meeting | დისკრედიტაცია | ვერბალური თავდასხმა
პროსამთავრობო "POSTV" | პროსამთავრობო “იმედი”
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი