2025 წლის 14 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“, გავიდა სიუჟეტი, რომელიც დამოუკიდებელ ქართულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებასა და ე.წ. „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში ადანაშაულებს.
სიუჟეტი ეხებოდა BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების დაშლის დროს სამართალდამცავმა ორგანოებმა, სავარაუდოდ, ტოქსიკური ქიმიური ნაერთი ბრომობენზილ ციანიდი („კამიტე“) გამოიყენეს, რომელიც BBC-ის გამოძიების თანახმად, წყლის ჭავლში იყო შერეული.
„იმედის კვირის“ სიუჟეტში BBC-ის ეს გამოძიება წარმოდგენილია როგორც წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული კამპანიის ნაწილი, რომელშიც მისი ავტორების მტკიცებით, ჩართული იყვნენ „პროპაგანდისტული მედია ქსელები“ და „გავლენის აგენტები“. “იმედის კვირა” BBC- ის ჟურნალისტურ გამოძიებას „ჰიბრიდული ომის გაგრძელებად“ მოიხსენიებს. სიუჟეტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ე.წ. „მედია ქსელის“ არსებობას, რომელსაც პრო-სამთავრობო მედია უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს, ასევე „რადიო თავისუფლებას“, რომლის 2025 წლის იანვარში გამოქვეყნებული ჟურნალისტური მასალები სავარაუდო მოწამვლის შემთხვევებთან დაკავშირებით, ისეა ინტერპრეტირებული, თითქოს ისინი მიზანმიმართულად ამზადებდნენ საფუძველს BBC-ის შემდგომი საგამოძიებო მასალის გამოქვეყნებისთვის.
აღნიშნული „მედია ქსელი“ წარმოადგენს 22 დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის გაერთიანებას, რომლებიც ინიციატივის – „სინათლე მედია“ ფარგლებში, 2024 წლის აგვისტოში გაერთიანდნენ, საერთო ფინანსური რესურსების მოძიებისა და საქმიანობის გაგრძელების მიზნით. მედიაორგანიზაციების ეს თანამშრომლობა უკავშირდება დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შემზღუდველი საკანონმდებლო რეგულაციების მიღებასა და ამოქმედებას. საზოგადოების მხრიდან მაღალი მხარდაჭერისა და სოლიდარობის ფონზე, „სინათლე მედია“ და მასში შემავალი ორგანიზაციები უკვე არაერთხელ გახდნენ „ქართული ოცნების“ მხრიდან საჯარო კრიტიკისა და დისკრედიტაციის სამიზნე.