1 ივნისს, ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ, “რუსთავი 2-ის” ტელედებატებში, საგამოძიებო სტუდია “მონიტორი” “სიცრუის გამავრცელებელ” მედიად მოიხსენია. სტუდიის ერთ-ერთ ჟურნალისტს კი “უვიცი” და “გაუნათლებელი” უწოდა.
“რუსთავი 2”-ის დებატების თემა დედაქალაქის გამოწვევები იყო. თბილისის მერის გაღიზიანება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა ობოლაძის შეკითხვას მოჰყვა, რომელიც მერის მოადგილეების, კერძოდ, ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის კორუფციულ გარიგებებს შეეხებოდა.
“მოიშველიებდა სტუდია “მონიტორს”, რომელიც შეიმჩნევა სიცრუეში, სიყალბეში. ჩემთან დაკავშირებითაც, სხვათაშორის, რამდენჯერმე. ახლა, ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტი პირდაპირ ტყუილში გამოვიჭირე და ვამხილე… ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ კეთდება სიყალბე საქართველოში. ვიღაცა უვიცი, გაუნათლებელი, გამოთქვამს ბრალდებებს, ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, გამოთქვამს ბრალდებებს, შემდეგ ამას იტყვის პოლიტიკოსად წოდებული ელემენტი, და შენ უნდა გამოხვიდე და იმართლო თავი”, [ტაიმკოდი: 1:05-1:06]- ამ პასუხით სცადა კითხვაზე პასუხისთვის თავის არიდება თბილისის მერმა.
სტუდია “მონიტორს” თბილისის მერთან დაკავშირებულ კორუფციულ გარიგებებზე არაერთი გამოძიება აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის, ირაკლი ხმალაძეზე. ერთ-ერთი ბოლო ფილმიც, რომელიც 8 მაისს გამოქვეყნდა, კახა კალაძის მეგობრის, გიორგი ბარვენაშვილის სამშენებლო ბიზნესებს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე გამოირჩევა ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი და არანორმატიული ლექსიკით. CMIS-ის ამგვარი არაერთი შემთხვევა აქვს აღწერილი.