თბილისის მერმა კახა კალაძემ „სტუდია მონიტორის“ გამომძიებელ ჟურნალისტებს „მატყუარები“ და „თაღლითები“ უწოდა. აღნიშნული შეფასება მან “TV პირველის” ჟურნალისტის შეკითხვების პასუხად გააკეთა, რომლებიც „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხებოდა.
„სტუდია მონიტორმა“ 16 ივლისს გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც თბილისის ცენტრში, ყოფილი სასტუმრო „საქართველოს“ შენობასთან დაკავშირებულ ქონებრივ გარიგებებს, სახელმწიფო ქონების 1 ლარად გადაცემას და ამ პროცესში ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესინტერესების შესაძლო კვეთას ეხება. გამოძიებაში საუბარია მთავრობის დადგენილებაში შეტანილ ცვლილებაზე, რომლის საფუძველზეც შპს „საქართველო 2030“-ს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3,237.3 კვ.მ ფართი 1 ლარად გადაეცა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერი „სტუდია მონიტორს“ საჯაროდ ესხმის თავს. 1 ივნისს, „რუსთავი 2-ის“ ტელედებატებში, კახა კალაძემ საგამოძიებო სტუდია „მონიტორი“ „სიცრუის გამავრცელებელ“ მედიად მოიხსენია, ხოლო სტუდიის ერთ-ერთ ჟურნალისტს „უვიცი“ და „გაუნათლებელი“ უწოდა. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კახა კალაძის საჯარო განცხადებები ჟურნალისტების მიმართ არაერთ შემთხვევაში შეიცავდა შეურაცხმყოფელ და უხამს ლექსიკას. CMIS-ს მსგავსი შემთხვევები არაერთხელ აქვს აღწერილი.