16-02-2026
თბილისი
კონსტიტუციური წყობილების არაღიარებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები
„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “გრანტების კანონის” მეორე მოსმენით განხილვისას ცნობილი გახდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ხელისუფლების არაღიარებასთან დაკავშირებული ნორმები ემატება. დაგეგმილი ცვლილებები საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის საქმიანობას.
ინიციატივის მიხედვით:
- სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლში (სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები) დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვრება დანაშაულის ჩადენა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით.
- კოდექსს ემატება ახალი, 316-ე პრიმა მუხლი – „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, მათ შორის, კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივ დაუმორჩილებლობისკენ ან ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატური და საჯარო მოწოდებისთვის. სანქციები მოიცავს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. იურიდიული პირებისთვის გათვალისწინებულია ლიკვიდაცია ან/და ჯარიმა.
- ცვლილებები იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც, სადაც სამართალდარღვევის ჩადენა კონსტიტუციის ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩაითვლება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად. გაკეთებული განმარტებების თანახმად, აღნიშნული მიდგომა შესაძლოა გავრცელდეს ფართო კატეგორიის ქმედებებზე.
აღნიშნული ცვლილებები წარმოადგენს “ქართული ოცნების” მხრიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში დაწყებული რეპრესიულ კანონმდებლობის სერიის გაგრძლებას, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით მათ შორის მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივიზმის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია.
16-02-2026
1
მედიის შემზღუდავი კანონის მიღება
ადმინისტრაციული ორგანო | საქართველოს პარლამენტი
პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლა
თბილისი