კომუნიკაციების კომისია ტელეკომპანია „ფორმულას“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სავარაუდო დარღვევას უკვე მესამედ ედავება. საკითხი კომისიამ 17 ივლისის სხდომაზე განიხილა და „ფორმულა“ 5,000 ლარით დააჯარიმა.
კომისიის შეფასებით, „ფორმულამ“ დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის – „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“. მოხსენებითი ბარათის თანახმად, Formula News-ის 17:00-საათიანი გამოშვებების მონიტორინგი 15-17 ივნისის პერიოდში მიმდინარეობდა. კომისია მიიჩნევს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ჟურნალისტები რიგ შემთხვევებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პირად მოსაზრებებსა და დამოკიდებულებას გამოხატავდნენ, ვინაიდან სადავო სიუჟეტებში „ფორმულა“ სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონები“ და „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“.
კომისიამ ამ ეტაპზე მხოლოდ ჯარიმა გამოიყენა და არ მიმართა ალტერნატიულ სანქციას, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, ტელევიზიისთვის მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს ითვალისწინებს. თუ კომისია „ფორმულას“ მიმართ კვლავ დაადგენს დარღვევას, კომისია ისევ უფლებამოსილი იქნება, იმსჯელოს ტელევიზიისთვის მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერების საკითხზე ან დააკისროს გაზრდილი ოდენობის ჯარიმა – არანაკლებ 10,000 ლარისა და არაუმეტეს კომპანიის წლიური შემოსავლის 3%-ისა. მსგავსი ტერმინების გამოყენებისთვის კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ 21 მაისს ამავე მუხლის დარღვევისთვის უკვე 2,500 ლარით დააჯარიმა.
საქმე განიხილება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ბოლო პერიოდში მიღებული სადავო ცვლილებების ფონზე, რომლებიც მაუწყებლების შინაარსობრივ რეგულირებას ეხება. ცვლილებებით, მათ შორის, ახალი ამბების პროგრამებსა და საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას, საავტორო პროგრამების გარდა, პოზიციის გამოხატვა იზღუდება; ასევე განისაზღვრა პასუხის უფლებისა და ფარული მეთოდებით ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების ახალი წესები.
6 მარტს კომუნიკაციების კომისიამ განაცხადა, რომ პრაქტიკაში აამოქმედებდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილ ნორმებს და მაუწყებლების მონიტორინგს დაიწყებდა. კომისია მაშინ მიუთითებდა, რომ თითქმის ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა და მაუწყებლების მიმართ საკუთარი ინიციატივით ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.