05-06-2025
თბილისი
კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ საჩივრები „TV პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ განსახილველად მიიღო

2025 წლის 5 ივნისს, კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრები განსახილველად დაუშვა და მათ არსებითად 19 ივნისს განიხილავს.

2 ივნისს, ტელეკომპანიებმა „ფორმულა“ და „TV პირველი“ განცხადება გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ ნორმების დარღვევას ედავება, რომელიც მმართველმა პარტიამ 1 აპრილს მიიღო. ოცნებამ კომისიას 1 ივნისს მიმართა, როდესაც  კომისიას მაუწყებლის დასანქცირების უფლებამოსილება მიენიჭა. 

“საჩივრის მიხედვით, ცენზურას უნდა დაექვემდებაროს ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტის, თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას” – ნათქვამია ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ ტელეკომპანია „ფორმულას“ უჩივის ისეთი ტერმინების გამოყენების გამო, როგორებიცაა: „რეჟიმის პატიმრები“, „რეჟიმის სასამართლო“, „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ე.წ. პარლამენტი“ და სხვა.

„TV პირველის“ ინფორმაციით, მათ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 14-გვერდიანი საჩივარია შეტანილი, სადაც ჩამოთვლილია სიტყვები და ტერმინები, რომლებიც მედიის მიერ სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებაში იყო გამოყენებული.

“მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები “ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის 1 აპრილს მიიღო. ცვლილების თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მარეგულირებელი ორგანოს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, უფლებამოილება, ასევე სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება

მედიაში არსებულ მდგომარეობას განცხადებით გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიცია – „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო პერიოდში ინიცირებული და მიღებული რეპრესიული კანონმდებლობა მიზანმიმართულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და საზოგადოების წვდომას ალტერნატიულ აზრსა და ინფორმაციაზე” – ნათქვამია განცხადებაში

Share
05-06-2025
3
SLAPP სარჩელი | სამართლებრივი ინციდენტები
პარტია "ქართული ოცნება"
დევნა კრიტიკული პოზიციის გამო
თბილისი