ტელეკომპანია „კავკასიის“ ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის ინფორმაციით, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება დაიწყო აშშ-დან მიღებული ინდივიდუალური შემოწირულობის საფუძველზე. კომისიის მოთხოვნით, მაუწყებელმა 3 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია მიღებული თანხისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შესახებ.
2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით სრულად აიკრძალა მაუწყებლების უცხოური დაფინანსება და მნიშვნელოვნად გაფართოვდა მარეგულირებლის უფლებამოსილებები, მათ შორის, ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მექანიზმები. პარალელურად, 2024 წლიდან მოქმედებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. აღნიშნულმა რეგულაციებმა მედიის დაფინანსების მოდელზე არსებითი გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც არაერთი მაუწყებელი ფუნქციონირებას, მათ შორის, მოქალაქეთა შემოწირულობებზე დაყრდნობით აგრძელებს.
ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „კავკასია“, ქვეყანაში შექმნილი საკანონმდებლო გარემოს ფონზე, დაფინანსების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ მოქალაქეთა შემოწირულობებს იყენებს და მაუწყებლობის უწყვეტობას სწორედ ამ მოდელზე დაყრდნობით უზრუნველყოფს. მსგავსი შემოსავლები, როგორც წესი, მიემართება არხის ყოველდღიური ფუნქციონირებისთვის საჭირო საოპერაციო ხარჯების დაფარვას, რის გამოც კონკრეტული შემოწირულობის კონკრეტულ დანიშნულებაზე ზუსტი მითითება პრაქტიკულად შეუძლებელია.
აღნიშნული საქმე ნათლად ასახავს მედიის საქმიანობის გარემოს საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, ხოლო მარეგულირებლის მხრიდან ინდივიდუალური შემოწირულობების საფუძველზე საქმისწარმოების დაწყება დამატებით კითხვებს აჩენს რეგულირების პრაქტიკის პროპორციულობასთან დაკავშირებით.