2025 წლის 22 ივლისს, გამოცემა „პუბლიკის” რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი ვიდეოს გადაღების გამო კანონის წინაშე პასუხისგებით დაემუქრა. ვარდიაშვილი ცდილობდა დაეფიქსირებინა, როგორ გამოიყვანა მანდატურის სამსახურმა ძალის გამოყენებით სასამართლოს შენობიდან ოპოზიციური პარტიის წევრი.
ინციდენტი სინდისის ერთ-ერთი პატიმრის, გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესის დროს მოხდა. როგორც ზურა ვარდიაშვილი აღწერს, მატიაშვილმა ოპოზიციური პარტია „ახალის” წევრი, ნოდარ ჩაჩანიძე, რომელიც სასამართლო პროცესზე დასასწრებად იყო მისული, ძალის გამოყენებით გაიყვანა სასამართლოს შენობიდან. როგორც კი შენობას გასცდნენ, ჟურნალისტმა ამ ფაქტის გადაღება დაიწყო: “კიბეებთან დავიწყე გადაღება. ეს რომ დაინახა, მეცა და შემათრია შიგნით. პირადობა ჩამომართვა, გადაცემულიაო და კანონის წინაშე აგებ პასუხსო”. იგი სასამართლოს შენობაში, ერთ-ერთ ოთახში რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰყავდათ ჩაკეტილი, შემდეგ კი პირადობის მოწმობა დაუბრუნეს და გაათავისუფლეს.
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესული ცვლილებებით, 30 ივნისიდან სასამართლო დარბაზებში, დერეფნებსა თუ ეზოში ფოტო/ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა აკრაძალულია. ახალი წესის ამოქმედების შემდეგ, მედიასაშუალებებმა გადაღების უფლებისთვის განცხადებით მიმართეს იუსტიციის საბჭოს – კანონით დადგენილ უწყებას, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არცერთს არ მიუღია.
რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამდე, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს უკანონოდ ხელი ეშლებოდათ სასამართლოს შენობაში პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ცვლილების შემდეგ კი მანდატურის სამსახური არაპროპორციულად, დაუსაბუთებლად ძალას იყენებს მათ შორის მედიის წინააღმდეგ რეპრესიული კანონმდებლობის აღსასრულებლად.