ონლაინ გამოცემა “ტაბულას” ჟურნალისტს, მარიამ კუპრავას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე “გზის გადაკეტვას” ედავება. საუბარია 2026 წლის 7 თებერვალს მიმდინარე აქციაზე, როდესაც მარიამ კუპრავა ჟურნალისტურ მოვალეობას ასრულებდა – იგი “შაბათის მარშს” აშუქებდა. “მარიამ კუპრავა ხელოვნურად კეტავდა საავტომობილო გზის სავალ ნაწილს”, – წერს შსს ოქმში, რომელიც 9 თებერვალსაა შედგენილი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, შსს-ს დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სინამდვილეში სამართალდამცავი სტურუქტურების მიზანი მათი დაშინებაა და იძულება, რომ საზოგადოებამდე საპროტესტო განწყობების შესახებ ინფორმაციის მიტანა შეწყვიტონ: “სისტემური წნეხი ჟურნალისტებსა და მედიაზე ლახავს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული და აზიანებს ქვეყნის ინტერესებს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
საავტომობილო გზის გადაკეტვა, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, დასჯადი გახდა. აღნიშნული იკრძალება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით. მოგვიანებით, ამავე მუხლში გაერთიანდა – ტროტუარზე დგომაც, რის გამოც, ასევე ასამართლებენ აქციის მონაწილეებს. აღნიშნული მუხლის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორისთვის 20 დღემდე ვადით). ადმინისტრაციული პატიმრობა არ შეეფარდება ორსულ ქალს, დედას, რომელსაც ჰყავს 12 წლამდე ასაკის ბავშვი, 18 წლის ასაკს მიუღწეველ პირს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. მათ დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით. იგივე “დანაშაულის” განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.
2024 წლის 26 ოქტომბრიდან დღემდე, ჟურნალისტების მიმართ, გზის გადაკეტვის ბრალდებით, 40-მდე ოქმია გამოწერილი.
განახლება:
2 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მარიამ კუპრავას წინააღმდეგ „გზის გადაკეტვის“ საქმე შეწყვიტა. მარიამ კუპრავას ადვოკატის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, შსს-ის მიერ წარდგენილ კადრებშიც კი ჩანდა, რომ „ტაბულას“ ჟურნალისტს პრესის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი უკეთია და ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.