2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” ჟურნალიტს, მინდია გაბაძეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატური პოლიციის გამოძახებით დაემუქრა და მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება სცადა. მინდია გაბაძე სასამართლოში აქტივისტ გელა ხასაიას სასამართლო პროცესს აშუქებდა.
როგორც მინდა გაბაძე აღწერს: პროცესის დაწყებამდე მანდატურების სამსახურის უფროსი, დავით მატიაშვილი, მას დაემუქრა, რომ გადაღების შემთხვევაში, „პოლიციას გამოიძახებდა და გვერდით ოთახში შეიყვანდა“.
გაბაძე ამბობს, რომ სასამართლოს შენობაში მას არაფერი გადაუღია. მას შემდეგ, რაც მანდატურებმა პროცესის დასრულებისთანავე ძალის გამოყენებით დაიწყეს დამსწრეების და ჟურნალისტების გაყვანა შენობიდან, სასამართლოს წყნარად და მშვიდად ტოვებდა. მიუხედავად ამისა, მისი თქმით, დავით მატიაშვილს სამჯერ ჰქონდა მცდელობა (ორჯერ შენობაში და ერთხელ ეზოში), რომ ფიზიკურად გასწორებოდა – “წიხლის ამორტყმით და ხელის ჩაბღაუჭებით”.
“კიდევ ორი შემთხვევა იყო, სხვა, ახალბედა მანდატურმა პირდაპირ კისერში ჩამავლო ხელი. ყოველ ჯერზე შოკისგან უმოძრაოდ ვიყავი და ჩემი რედაქტორი გლეჯდა ჩემს თავს მანდატურებს. მეხმარებოდნენ აქტივისტებიც”, – წერს ჟურნალისტი.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხაზს უსვამს, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მედიას უკიდურესად შეეზღუდა სასამართლო პროცესების გაშუქების შესაძლებლობა. ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოებში მედიას არ აქვს მინიმალური სამუშაო პირობებიც კი, ხოლო გარემო უკიდურესად მტრული და საფრთხის შემცველია.
“ყოველ ჯერზე, როცა ჟურნალისტები სასამართლოში პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, სერიოზული საფრთხე ექმნება მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. სასამართლოში მუშაობისას ჟურნალისტები რისკავენ თავისუფლებასაც, მაშინაც კი, როცა ისინი ძალადობისგან საკუთარი თავის ან კოლეგის დაცვას ცდილობენ. ჟურნალისტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება მიზანმიმართული დევნის ყველა ნიშანს ატარებს”, – ნათქვამია ორგანზიაციის განცხადებაში.
“ქართული ოცნების” სასამართლო – უსამართლობის და ძალადობის ადგილი გახდა. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და სასტიკი ინციდენტები პროფესიული საქმიანობის თანმდევი გამოცდილებაა”, – წერს “მედიის ადვოკატირების კოალიცია”.